“ჩვენი “ერთმორწმუნე” რუსეთი დაბომბვით, რომ გვემუქრება, ვინ უნდა დაგვიცვას?!” – ალექსანდრე მოწერელია

“ჩვენი “ერთმორწმუნე” რუსეთი დაბომბვით, რომ გვემუქრება, ვინ უნდა დაგვიცვას?!”, – ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. “რუსული კანონის” გაწვევის გადაწყვეტილებას.

მოწერელია მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის აღშფოთება საქართველოს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს.

“ჩემს წინა გამოსვლაში ვახსენე, რომ პუტინის კანონის მიღება გამოიწვევდა ქებას ლავროვის, ზახაროვას და სოლოვიოვისგან. მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ მოასწრეს, ქართველმა ხალხმა, ისე სწრაფად მიაღებინა მმართველ გუნდს კანონის გაწვევის გადაწყვეტილება, რომ სიხარული აღშფოთებით შეცვალეს.

რუსულ პოლიტ-პროპაგანდისტული ელიტა იმდენად აღშფოთდა, რომ თბილისის დაბომბვითაც კი დაგვემუქრნენ.
მარტივი ლოგიკაა, არა? როდესაც შენი ოკუპანტი ქვეყანა აღშფოთდება, დღეს მიდის საუბარი, რომ თითქოს კანადამ მიიღო ანალოგიური კანონი, რომ თითქოს ვერ გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ, შეცდომაში შეიყვანეს. ლოგიკა ძალიან მარტივია, ის რაც აღაშფოთებს ჩვენს ოკუპანტს, მაშასადამე, ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ. ქართველი ხალხი ბრძენია, არ მოტყუვდება და მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო!”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე თქმით, საქართველო, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან, რომელიც თბილისს დაბომბვით ემუქრება, ქვეყანა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას.

“კანონი, რომელიც ამ პარლამენტში იქნა მიღებული იყო პრორუსული, ანტი ქართული, ანტი ეროვნული, ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის ინტერესების დამაზიანებელი! ახლა ეს ეგრეთწოდებული, ჩვენი “ერთმორწმუნე” რუსეთი დაბომბვით, რომ გვემუქრება, ვინ უნდა დაგვიცვას? ჩვენ უნდა დაგვიცვას ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირემ აშშ-მ, სხვათა შორის ძალიან მწვავე შეფასება, დასკვნა გამოქვეყნდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ უნდა დაგვიცვას ევროკავშირმა, რომლის დროშაც სამწუხაროდ სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იქნა დამწვარი.

მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს.
მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ საჯაროდ დავგმოთ ეს საქციელი , კარგად გავიაზროთ ყველაფერი და შევასრულოთ ის დავალება, რაც ჩვენმა ერმა ხმამაღლა, ევროინტეგრაციის გაცხადებული ნება, დღეს უკვე პროტესტის ფორმით დაგვავალა: შევასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციები, შევამციროთ პოლარიზაცია, შეწყდეს საზოგადოების დაყოფა, დანაწევრება, დაუშვებელია განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის NKVD მეთოდების გამოყენებით თავდასხმა ჩვენს მოქალაქეებზე , აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ტურაშვილს”, – აცხადებს მოწერელია.

პოლიტიკური პარტია, “საქართველოსთვის” წევრი ასევე, საუბრობს მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოხმაურებების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევროპაში ყოფნას იმსახურებს.

“ჩვენი ხალხი იმსახურებს ევროპაში ყოფნას, ჩვენი ხალხის პროტესტს აღფრთოვანებით და ღიად გამოეხმაურნენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერები -საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს და სხვა. პასუხად მიიღეს ევროკავშირის დროშის დაწვა, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ეს იქნება მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა და დამსახურება”.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს რადიკალიზმით კვებავს, სინამდვილეში, მათ რიგგარეშე არჩევნები არ აწყობთ, ვინაიდან პირწმინდად წააგებენ, როგორც წინა შემთხვევებში
შემდეგი სტატიარიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თუ ვინმეს აწყობს, ეს „ქართული ოცნებაა“, რადგან არჩევნები „ოცნებისთვის“ 30-მანდატიანი უპრატესობით ჩატარდება – ელისაშვილი