ცესკო – არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება თავისუფლად შეძლეს

ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ბიულეტენების დათვლის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება თავისუფლად შეძლეს.

“ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩატარდა პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში – მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს ჩატარდა საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

დღეს გახსნილი იყო სულ 410 საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მადლობა უკვე გადაუხადა და განაცხადა, რომ „ძალიან დიდი პროცენტით გაიმარჯვა“
შემდეგი სტატიასაქმე არ გვქონდა არჩევნებთან, საქმე გვქონდა სპეცოპერაციასთან, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა – ხაბეიშვილი