ბოლო გასამართლებული ზვიადისტის გამართლებელი განაჩენი

„სამწუხაროდ, არ შეგვიძლია, ავირჩიოთ როდის მოვკვდებით, მაგრამ შეგვიძლია, ავირჩიოთ, როგორ მოვკვდებით!“ – ესაა ციტატა ფილმ „გლადიატორიდან“. ამაზე უკეთ ადამიანის ამქვეყნიერი ცხოვრების არსის აღწერა, ალბათ, შეუძლებელია. ამ ფილმს ხშირად ვუყურებ და მხოლოდ იმ სიუჟეტის გამო, როცა მაქსიმუსი კვდება და იმქვეყნიერ კარს აღებს, შემდეგ კი, სახლში მთიდან ეშვება. 22 წელია, მეც ასე ვბრუნდები…
მაშინ, 22 წლის წინ, 15 ნოემბერს, საქართველო სამაჩაბლოს გავლით დავტოვე და მას შემდეგ მხოლოდ ფიქრებში ვრჩები იქ, სადაც ადრე ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო არსებობდა. ამქვეყნიურ საქართველოში აღარ მეღირსება დაბრუნება და თუ დავბრუნდი, მხოლოდ იმ საქართველოში, სადაც არც პოლიტიკური სტატუსის მინიჭება დამჭირდება და არც – სისხლი სამართლის საქმეების გაუქმება. ალბათ, მოვა დრო, როცა მეც ასე გავაღებ კარს, დავეშვები მთიდან თეთრ ხეებს შუა და გავყვები ბილიკს იქ, „სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი!“ – ეს პოლიტდევნილ გიორგი ალანიას ერთ-ერთი სტატუსიდანაა, თუმცა როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ამიერიდან მას ასეთი სტატუსების დაწერა აღარ მოუწევს, რადგან ყველა ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.
გიორგი ალანია ერთადერთი უხუცესი პოლიტიკური დევნილია, რომელიც ყოველ წელს სამშობლოში დაბრუნებას ამაოდ ელოდა და, ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავ, მის წინააღდეგ აღძრულ საქმეს ყველა ხელისუფლება სს კოდექსის თითო-ოროლა მუხლს უმატებდა, თუმცა გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე და 1997 წლიდან ჩეხეთს შეფარებული პოლიტიკური დევნილი, ქართველი ემიგრანტი გიორგი ალანია იმედს მაინც არ კარგავდა…
და მაინც, ვინ არის გიორგი ალანია და რას ედავებოდა სახელმწიფო?
მაშ ასე: გიორგი ალანია ქართული ჯარის ერთ-ერთი დამაარსებელია ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც მოიძებნება. მისი ორგანიზებით ჩატარდა პირველი გაწვევა ჯარში. მონაწილეობდა ქართული ბატალიონების შექმნაში. დღემდე ითვლება ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსად.
შეგახსენებთ: ეროვნული გვარდია, რომელიც 1990 წლის დეკემბერში შეიქმნა, პირველი სამხედრო ფორმირება იყო, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები. სწორედ ამის გამო გიორგი ალანიას სსკ 2 მუხლი ჰქონდა წაყენებული.
გარდა ამისა, ედავებოდნენ, ეროვნული გვარდია, თურმე, არაფორმირებული ბანდფორმირება იყო. ასევე, ედავებოდნენ იარაღის უკანონო ტარებას.
2006 წელს კი, მან უარი თქვა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეწყალებაზე და სასამართლო პროცესის გამართვა მოითხოვა. ხელისუფლების სიბრაზემ კულმინაციას მიაღწია და, მხოლოდ სადამსჯელო მუხლები კი არ დაუმატა, არამედ, 2010 წელს, სამშობლოს მოღალატედაც გამოაცხადა…

giorgi alania
კომიკური სიტუაციიდან გამოსავლი დღევანდელმა ხელისუფლებამ იპოვა და არჩევნების წინ, დევნილი გიორგი ალანია სასამართლოს ყველა ინსტანზიამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ძებნილი გიორგი ალანიას ფოტო ისევ აბაშის პოლიციის სტენდზეა „გამოჭიმული“, პროკურატურის გასაჩივრების მოლოდინში, რომელიც პროკურატურამ, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი მაკა წიკლაური უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“თუ პოლიტიკურ ძალას 2-3%-იანი მხარდამჭერთა რაოდენობა არ ჰყავს, არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე”