ბოკერია – საზოგადოებას ამოცანა აქვს, რომ ეს პოლიტიკური უბედურება დაასრულოს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია

მოლოდინი კი არა, ამოცანა აქვს საზოგადოებას, რომ ეს პოლიტიკური უბედურება დაასრულოს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია და რომელიც საფრთხეს უქმნის ყველას, მათ შორის, იმათაც კი ვინც დღეს, პოლიტიკურად მათკენ არის ან მათ ვერტიკალშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას რა მოლოდინი აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

ბოკერია იმედოვნებს, რომ პანდემიის ფონზე მოქალაქეები არჩევნებზე იაქტიურებენ.

„იმედი კი არა, ამოცანა მაქვს და ეს არის ჩვენი გზავნილი ყველასთან, სწორედ იმისთვის, რომ ვერც ერთმა მთავრობამ, არამარტო ამ სამარცხვინო მთავრობამ, მომავალში ხალხის ფეხებზე დაკიდება ვერ გაბედოს ისე, როგორც ეს პანდემიაზე და ვაქცინაციაზე გააკეთეს. ასევე, ვერც ერთმა მთავრობამ საფრთხე ვერ შეუქმნას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამიტომ არის საჭირო არჩევნებზე მისვლა“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებული იქნება „არამარტო სიძულვილის ენა, არამედ უფრო მძიმე ნაბიჯები გადაიდგმება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რაც „ნანახი გვაქვს ყველა არჩევნების წინ“.

მან ასე უპასუხა შეკითხვას, ოპოზიციის კანდიდატები რამდენად ძლიერი კანდიდატები არიან.

„ჩვენ ვისაც მხარს ვუჭერთ, შეთანხმებული კანდიდატები ძლიერი კანდიდატები არიან და დანარჩენები, არა. ყველა ოპოზიციურ პარტიას აღვიქვამ კონკურენტად, მაგრამ ასევე თანამოაზრედ იმ საქმეში, რასაც ივანიშვილის რეჟიმისთვის წერტილის დასმა ჰქვია“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშივაქცინაცია არ იწვევს უშვილობას – ბიძინა კულუმბეგოვი
შემდეგი სტატიამარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება