,,ბაგა-ბაღების სააგენტო პედაგოგთა პოლიტიკური კუთვნილებით ინტერესდება”

საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბაღების სააგენტომ გაუგზავნა კითხვარი, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და აქტიურობის შესახებაა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თინა ბოკუჩავამ და გოგა ონიანმა ისაუბრეს.
„გუშინ ბაღების სააგენტომ, მერიის თანხმობით, თბილისში ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს ეგრეთ წოდებული რეესტრი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში – არის თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური და რომელი სუბიექის მიმართაა დადებითად განწყობილი.
ასეთი შეურაცხყოფა არცერთ ხელისუფლებას მასწავლებლებისთვის არ მიუყენებია. გარდა ამისა, ცალსახაა რომ მერიამ და ბაღების სააგენტომ სუსის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს. ამ ხელისუფლების პირობებში, მერია ცდილობს გაარკვიოს ყველა მასწავლებლის პოლიტიკური ორიენტაცია და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს რეპრესიები მათთვის არასახარბიელო მასწავლებლების მიმართ თუ დააწინაუროს. დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ ხაზით აპირებს არჩევნების ჩატარებას, რომ დააშანტაჟოს, შეაშინოს საჯარო მოხელეები.
პირდაპირ მინდა ვუთხრა ნარმანიას და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, რომ ზეწოლები ვერ უშველით და 8 ოქტომბერს დასრულდება მათი მმართველობა“ – განაცხადა გოგოა ონიანმა.
თინა ბოკუჩავას თქმით კი, ეგრეთ წოდებული რეესტრი ფინანსური ინფორმაციის შესახებაა და აქ პირის პოლიტიკური კუთვნილების შესახებ შეკითხვა, აბსოლუტურად ამოვარდნილი საერტო კონტექსტიდან.
„ეს არის ცალსახა მცდელობა, რომ წინასაარჩევნოდ ნარმანიამ, რომელიც თავის ფუნქციებსაც ვერ ახორციელებს ნორმალურად, სუსის ფუნქციები შეითავსოს.
ჩვენ ამ დარღვევის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ვაცნობებთ, რომელიც მოგეხსენაბათ წულუკიანის ხემძღვანელობის ქვეშაა. ეს არ არის პირველი დარღვევა. ჩვენ სამწუხაროდ მიგვიმართავს სხვა ტიპის დარღვევებით, რომლებზეც გამოძიება დაწყებულა, თუმცა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა“ – აღნიშნა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშილიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს​, წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა გონიოში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახებს მიუსამძიმრა