ბადრი ჯაფარიძე : ადამიანები სიმართლეს გრძნობენ, “ოცნება” მათ მოტყუებას ვეღარ შეძლებს

region
ავტ.: region ოქტომბერი 6, 2020 21:33

ბადრი ჯაფარიძე : ადამიანები სიმართლეს გრძნობენ, “ოცნება” მათ მოტყუებას ვეღარ შეძლებს

“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუს” მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იპოდრომის უსასყიდლოდ გადაცემას გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, “ოცნებას” აქვს სურვილი, ზარზეიმით წარმოაჩინოს ამბავი, რომ ფონდმა „ქართუმ“ მერიას იპოდრომი დაუბრუნა, თუმცა, მისივე განმარტებით, დედაქალაქის მაცხოვრებლებს საქმე აქვთ მორიგ წინასაარჩევნო ხრიკთან.

“ფონდ “ქართუს” მიერ იპოდრომის ვითომ დედაქალაქისთვის ჩუქება არის ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდს და მის პარტიას, ამისთვის ჰქონდათ მთელი რვა წელი და მათ არაფერი გააკეთეს.
„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ზუსტად ისე უპატრონეს იპოდრომს, როგორც საქართველოს ამ 8 წელიწადში. ახლა კიდევ აქვთ მცდელობა და სურვილი, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. თითქოს, ახლა შეძლებენ იპოდრომის მოვლას, ისე, როგორც გაავერანეს “ლაგუნა ვერე” და კიდევ არაერთი აქტივი თბილისსა და მთელ საქართველოში.
წლების განმავლობაში ეს უმნიშვნელოვანესი ტერიტორია – რეკრეაციული ზონა მთელი თბილისისთვის და საბურთალოსთვის იყო მიგდებული, ახლა არჩევნების წინ, თითქოს დიდი მნიშვნელოვანი ჟესტი გაკეთდა მათი მხრიდან. სინამდვილეში, ეს არის მორიგი ხრიკი, კიდევ ერთხელ ვამბობ, წინასაარჩვენო ხრიკი, რომ იქნებ ამ დაპირების საფუძველზე მაინც ვინმე წამოეგოს მორიგ ფანდზე და ამით ისარგებლოს „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

“ლელოს” გენერალური მდივნის თქმით, ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება. ადამიანები არჩევენ ყალბს და ორიგინალს ერთმანეთისგან და არჩევნებზეც შესაბამისად იმოქმედებენ.

“ადამიანები ხედავენ და გრძნობენ, როგორ „უვლის“ ქვეყანას „ოცნება“, როგორ გაავერანეს ის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა და ასევე, როგორი მოუვლელია უმნიშვნელოვანესი „ლაგუნა ვერე“ ყველა ჩვენგანისთვის, ყველა თბილისელისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნებისგან“ და ივანიშვილისგან იმისათვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. საბურთალოზე „ქართული ოცნება“ მარცხდება, სერგეენკო მარცხდება, ეს უკვე თვალსაჩინოა და დღევანდელი ხრიკიც ამას ემსახურება, იქნებ როგორმე შეაჩერონ „ქართული ოცნების“ დამარცხების შეუქცევადი პროცესი,” – აცხადებს ჯაფარიძე.

region
ავტ.: region ოქტომბერი 6, 2020 21:33