აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდების გათავისუფლება – სააკაშვილი

ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, – ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შედეგად 19 მაისს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიყვანა რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.

დღეს ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ყვარლის ტბასთან მდებარე სასტუმროში ქორწილის გადახდის განზრახვით. ჩემი შექმნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. მათ დასაშლელად მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და სპეცრაზმი, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაატარეს ძალადობრივი ოპერაცია და დააპატიმრეს 17 მონაწილე.

თუმცა, ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება
შემდეგი სტატიაჰიროსიმაში ზელენსკი ბაიდენს შეხვდა