“აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს ყურადღებით ვისმენთ და აღვიქვამთ, როგორც მეგობრის, კეთილის მსურველის პოზიციას”

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვგრძნობთ აშშ-ის მხარდაჭერას თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

კახუ კალაძის განცხადებით, ცხადია, აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვისმენთ და აღვიქვამთ, როგორც მეგობრის, კეთილისმსურველის პოზიციას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ზუსტად და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე იცოდეს ელჩის მოსაზრება. 1. ელჩი პოზიტიურად აფასებს კორცხელთან დაკავშირებულ რეაგირებას. 2. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს: იან კელიმ ხაზი გაუსვა და პირველ რიგში შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობის და პროცესის ობიექტურობის მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა აღნიშნა – მისთვის მიუღებელია ნებისმიერი საქციელი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს სასამართლო მოხელეს ან მთელ ინსტიტუტს, ისევე, როგორც ეს ხდება მის ქვეყანაში. ელჩმა ასევე ზოგადი განცხადებისას აღნიშნა, რომ მაგალითად ამერიკაში საარჩევნო წელს ოპოზიციური მედიის მფლობელის და მენეჯმენტის შეცვლა იქნებოდა მიუღებელი და იმედი გამოთქვა, რომ ეს არც საქართველოსთვისაა მისაღები. თუმცა, ელჩმა განცხადების დასაწყისშივე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სამწუხაროდ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი კომენტარი სახეცვლილად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით ყველას ახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარიც, დიახ, ზუსტად იგივე გზავნილი იყო გაჟღერებული, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება ხელს აძლევდეს ამ საკითხში ჩარევა, ხელისუფლება პირველ რიგშია დაინტერესებული პროცესის ობიექტურად წარმართვით და განსაკუთრებით საარჩევნო წელს არავის სურს არხის მენეჯმენტში ან სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებების ხილვა, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის და არ გვსურს ჩვენი კომენტარები გაგებული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენად“,-განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: ეს არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის „ტროიკა“
შემდეგი სტატიაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა მეოთხედ გადადო