აშშ ირანს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

აშშ ირანს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, მკაცრი ეკონომიკური სანქციები იმოქმედებს, ვიდრე ირანი თავის კურსს არ შეიცვლის.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა უარი უნდა განაცხადოს ბირთვულ ამბიციებზე და შეწყვიტოს ტერორიზმის დაფინანსება.

„ვიდრე მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი უკან იხევს.

„როგორც ჩანს, ირანი უკან იხევს, რაც კარგია ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ძალიან კარგია მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ირანის მიერ ერაყში მდებარე ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად არ დაშავებულა არც ერთი ამერიკელი ან ერაყელი სამხედრო და ინფრასტრუქტურული ზარალიც მინიმალურია.

მან ასევე ისაუბრა ერაყში მოკლულ ირანელ გენერალ ყასემ სოლეიმანზე და მას ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაში, ასევე ერაყელებისა და ამერიკელების მკვლელობაზე დააკისრა პასუხისმგებლობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნატო-ს, უფრო აქტიურად იმოქმედოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მან ასევე სულელური უწოდა ირანთან ბირთვულ შეთანხმებას და გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთსა და რუსეთს ამ შეთანხმებისგან გამიჯვნისკენ და ახალი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ირანთან მშვიდობისთვის და იმედოვნებს, რომ თეირანს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ჰარმონიული ურთიერთობები ექნება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები არის დიდი, ზუსტი, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ამის გამოყენება
შემდეგი სტატიადავით გუმბერიძე: გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება