არჩილ თალაკვაძე : ფარული კენჭისყრის საკითხი იუსტიციის საბჭოში დარჩება ისე, როგორც დღეს არის

ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ფარული კენჭისყრის საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩება ისე, როგორც დღეს არის, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„2013 წელს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია, რომ ღია კენჭისყრა გადასულიყო ფარულ რეჟიმში. ჩვენ ეს გადავიყვანეთ ფარულ მოდელზე. გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ანუ, ის არგუმენტაცია, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღესაც. შესაბამისად, ვინაიდან, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას ვენეციის კომისია თავის დასკვნაში, ჩვენ ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს საკითხი კანონპროექტში დარჩება ისე, როგორც არის“,- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპონენტების მოსაზრებას ამ საკითხზე, თალაკვაძის თქმით, ისინი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ.

„ოპონენტების დიდი ნაწილი არიან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აფიქსირებდნენ სხვა პოზიციას და დღეს შეიცვალეს ეს პოზიცია, მათ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. რაც შეეხება ღია კენჭისყრას, ის იყო სწორედ ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც შევცვალეთ 2013 წელს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„მე ნუ მეკითხებით“ – ქობულია შესაძლოა, გადააყენონ
შემდეგი სტატიაოხანაშვილს გამოსვლა ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს