არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობის საკითხზე დასკვნას აპარატი მოამზადებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გავა.

„სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ იმედია, დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან.

იმისთვის, რომ ეს პროცესი პროფესიონალურად წარიმართოს, ჩვენ ამ ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით. ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროცესი ლაივსტრიმით პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული. ასევე, კომისიის აპარატის ფარგლებში ჩვენ დავიქირავებთ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან საოქმო ჩანაწერებზე თითოეულ სხდომასთან დაკავშირებით, ასევე, საორგანიზაციო საკითხების მიმართულებითაც. ისევე, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც კომისიის მუშაობის ამსახველ დასკვნას მოამზადებს და შემდგომში ეს დასკვნა ჩვენ წარგვედგინება, რაც განიხილება კომისიის მუშაობის ფორმატში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მხარს ვუჭერთ თუ არა დასკვნის ამ ფორმას. მხარდაჭერის შემთხვევაში კი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სესიას შემდგომი განხილვა-დამტკიცებისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძემ განმარტა, რომ პარლამენტში ახლახანს შესული ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს ამ დრომდე აცხადებენ, თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს კომისიის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი დმანისის ინციდენტზე – მომხდარმა ფაქტმა, პირველ რიგში, ხელისუფლებას “გაკვეთილი უნდა ასწავლოს”