არაფრისმთქმელი კონტრაქცია დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ქართული საზოგადოება – ცისკარიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე ისაუბრა.

“ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ქართული საზოგადოება, ახალგაზრდები გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ, ეს არის ბუნებრივი პროტესტი. ეს აქციები არავის მითითებით და დავალებით არ ხდება, ხოლო როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩამოყვანილი ხალხის ორგანიზებული თავყრილობა, რასაც არაფერი აქვს საერთო ბუნებრივ პოლიტიკურ მოთხოვნებთან, განცხადებებთან. დარწმუნებული ვარ, 90 პროცენტი იმ ადამიანებისაც კი, ვინც ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და იქ ჩამოიყვანენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პროევროპულად განწყობილი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვთ და სამსახურიდან სთხოვეს, იძულებულები იქნებიან იქ იდგნენ. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ერთნაირი განწყობა, ავალებენ სხვანაირად მოქმედებას, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ქართული საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდები, წარმოადგენენ მის მომავალს, მის ეროვნულ ინტერესებს და იბრძვიან ძლიერი, ევროპული პროგრესული საქართველოსთვის.

ჩვენ გვახსოვს პერიოდი, ვარდების რევოლუციის წინა დღეებში, როდესაც აღარანაირი რესურსი შევარდნაძე- აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა და მთელი საზოგადოება დარაზმული იყო არჩევნების რეალური შედეგის გადასარჩენად და იმ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ეწყობოდა აქციები. მათ მატარებლებით, ძირითადად აჭარიდან, ჩამოიყვანეს რამდენიმე ათასი ადამიანი, დააყენეს რუსთაველზე და სწორედ ამით კიდევ უფრო გააბრაზეს საზოგადოება, განსაკუთრებით ქალაქი თბილისი, ახალგაზრდები და ამას მოყვა კიდევ უფრო მეტად აზვირთებული აქციები, რაც 23 ნოემბერს დაგვირგვინდა.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები: ვისაც საქართველო უყვარს.. – წილოსანი
შემდეგი სტატიაათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ – მდინარაძე