არ ვიცი, საერთოდ რა საჭირო იყო ამ განცხადების გაკეთება – ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ფრანგულ ტელეარხ “ფრანს 24-ს” ინტერვიუ მისცა, სადაც უკრაინაში, რუსეთის აგრესიაზე, მსოფლიოს მხრიდან რეაგირებასა და საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა.

მას კითხვა დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზეც, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.

ქალბატონო პრეზიდენტო, როგორ უყურებთ პუტინის სურვილს, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებებში.

“ქმედებები უნდა დავინახოთ და არა მხოლოდ სიტყვები. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის გზებზე ვხედავთ საბრძოლო მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი სიგრძის რიგს, მე პირადად მისი სიტყვების დიდად არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი მაკრონიც ასე თვლის. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში ჩართოს, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან პირველი დელეგაცია ამ მოლაპარაკებებზე უკვე იყო. თუმცა, პუტინი ახლა ორმაგ თამაშს თამაშობს, ერთის მხრივ ის მოითხოვს დიალოგის გარკვეულ ფორმას და მეორეს მხრივ აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე, მათ შორის უდანაშაულო, მშვიდობიან უკრაინელებზე, როდესაც საცხოვრებელ სახლებსა და ქალაქების მოედნებს ბომბავს.”

პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ უკრაინის სურვილი, შეუერთდეს ნატოს, იყო მთავარი მიზეზი ამ კონფლიქტის დაწყებისა. ცვლის თუ არა უკრაინის ამბები საქართველოს ამბიციას, რომ გაწევრიანდეს ნატოში.

“საქართველო უკვე გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს ზუსტად 14 წლის წინ მოხდა. კაცმა რომ თქვას, ჩემი ქვეყანა ოთხჯერ გამხდარა რუსეთის სხვადასხვა ხელმძღვანელობის მხრიდან თავდასხმის ობიექტი. ამიტომ, ეს ახალი არ არის და ამას არასდროს შეუცვლია ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ შეუერთდეს ევროპას. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია და ის ასევე წერია ქართველი ხალხის გულებზე. მეტიც, ისინი თვლიან, რომ გარკვეულწილად ყველაზე ჭეშმარიტი ევროპელები არიან. ამიტომ, ეს წარმატებას არ მოუტანს რუსეთს. უკრაინა ხვალ კიდევ უფრო მეტად იქნება ანტირუსული, მათ შორის ის რეგიონები, რომლებსაც პუტინი რუსულს ეძახის. გარდა ამისა, თავად რუსეთის მოსახლეობასაც აღარ ესმის ეს ყველაფერი. ისინი კითხვას სვამენ, რომ თუ უკრაინელები ძმები არიან, რატომ ვბომბავთ ძმებს?”

რატომ განაცხადა თქვენმა პრემიერმა, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ უერთდება?

“არ ვიცი, რატომ გააკეთა მან ეს განცხადება, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია რუსეთის მიერ, რადგან ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ამიტომ, მე არ ვიცი, რა სანქციები შეიძლება დავუწესოთ რუსეთს ისეთი, რომ ამან გავლენა მოახდინოს რამეზე. თუმცა, მე არ ვიცი, საერთოდ რა საჭირო იყო ამ განცხადების გაკეთება და მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ თავად ასეთ რამეს არ ვიტყოდი. მსოფლიო დღეს საქართველოს მხრიდან ღია სოლიდარობას ელის და მეც სწორედ ამიტომ ჩამოვედი, რომ ამის დემონსტრირება მომეხდინა. ქართველი ხალხი დღეს სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.”

ხომ არ თვლით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღება შეიძლება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს და საპირისპირო შედეგი მოიტანოს?

“არ ვთვლი, რომ რამე არის კონტრპროდუქტიული. ვფიქრობ, პუტინისთვის ევროპის ასეთი ერთიანობა აღმოჩენა გახდა. მან ვერ გათვალა, რომ პირველ რიგში უკრაინელებს, შემდეგ კი მთელ ევროპას ასეთი რეაქცია ექნებოდათ. გარდა ამისა, მე არ ვთვლი, რომ ვინმე ახდენს სიტუაციის ესკალაციას გარდა პუტინისა. ვფიქრობ, რუსეთის ლიდერი ასეთი იმიტომაც გახდა, რომ დასავლეთი მუდმივად თავს იკავებდა და საკადრის პასუხს არ სცემდა მის ქმედებებს. ამ შემთხვევაში მაგალითად, საერთოდ არანაირი პროვოკაციული ქმედება არ ყოფილა და ნატოდან მომავალი საფრთხეც გამოგონილი იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაც არ იყო უახლოესი დღეების საკითხი.”

2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. თვლით თუ არა, რომ ევროპა გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში?

“დიახ, ასე ვფიქრობ და ეს 2008 წელს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 30 წლის წინ, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, იქ განვიხილავდით დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და ორი მხარე იყო, რომელიც ერთმანეთთან კამათობდა. ერთ-ერთი მხარე ამბობდა, რომ არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები რუსების მიმართ, მათი ეგოისტური დამოკიდებულების მიმართ. ვფიქრობ, სწორედ ამან მოგვიყვანა აქამდე და ეს არა მხოლოდ ევროპელების, არამედ ამერიკელების ქმედებების ბრალიცაა. თუმცა, ახლა ევროპა გაერთიანებულია და პუტინი ხედავს, რომ ვეღარ ახდენს გავლენას მათზე, ვეღარ უპირისპირებს სხვადასხვა მხარეებს ერთმანეთს. ეს მისთვის სრულიად ახალი რეალობაა.”

როგორ უყურებთ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში. ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ პუტინი მეტ საფრთხეს დაინახავს?

“ერთია, რა არ უნდა პუტინს და მეორეა, რა საფრთხის წარმოჩენას ცდილობს ის. ევროკავშირის წევრობა არავისთვისაა საფრთხე. არც ნატოს წევრობაა ვინმესთვის საფრთხე, მით უმეტეს, რომ ეს უახლოესი პერსპექტივა არ არის. მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ზელენსკის ნაბიჯს. არ ვიცი, მოხდება თუ არა სწრაფი გაწევრიანება, მაგრამ ნამდვილად არსებობს ახლა შესაძლებლობის ფანჯარა და მე მინდა, რომ ჩემი ქვეყანა, საქართველოც იმავე ადგილას იყოს.”

რა არის თქვენი აზრით პუტინის საბოლოო გეგმა?

“ეს მხოლოდ მან იცის. და მან ასევე უნდა იცოდეს, რომ მის წინაშე გაერთიანებული ევროპა დგას.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ გაერიდოს იმას, რაც მისი მხარდაჭერის გამომხატველი არ არის, როგორც კი პარტიული მიმართვები დაიწყეს, ხალხი დაიშალა
შემდეგი სტატიარუსეთმა იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანა და მისი “უკრაინის პრეზიდენტად” გამოცხადება სურს – მედია