არ ვარ დარწმუნებული, დერეკ შოლეს ეთქვა, რომ პერსონალური სანქციების დაწესებას აპირებს, შეიძლება ოპონენტებმა ჰკითხეს და მოითხოვეს – სამხარაძე

არ ვარ დარწმუნებული, დერეკ შოლეს ეთქვა, რომ პერსონალური სანქციების დაწესებას აპირებს – პრემიერთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების საკითხებზე საუბარი იყ , თუმცა, ჩვენმა სტუმარმა პასუხები მიიღო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით უნდა დაუწესონ ივანიშვილს სანქციები, რადგან ის არც პოლიტიკაშია და არც ბიზნესს აწარმოებს.

ამასთან, სამხარაძის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრაზე დერეკ შოლეს მხრიდან იყო საკითხი დასმული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდება დამატებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.

“არ ვარ დარწმუნებული, დერეკ შოლეს ეთქვა, რომ პერსონალური სანქციების დაწესებას აპირებს, ეს შეიძლება ჩვენმა ოპონენტებმა ჰკითხეს და მოითხოვეს მისგან, მე იმ შეხვედრაზე არ ვიყავი და ასეთი შეხვედრის კომენტირებას, სადაც არ ვიყავი, ვერ შევძლებ. თუმცა, რაც მე ვიცი, მთავრობის ადმინისტრაციიდან, მაგალითად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში და აშშ- ის მხრიდან იყო დაყენებული საკითხები, თუ რა სახის დახმარება შეუძლია კიდევ აღმოუჩინოს საქართველოს ამ ძალიან რთულ პერიოდში, ვგულისხმობ უსაფრთხოების საკითხებს, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ჩვენს ნატო- ში ინტეგრაციის პროცესს. ზოგადად, მართლმსაჯულების საკითხებზე რამდენადაც ვიცი, იყო საუბარი პრემიერთან შეხვედრაზე, თუმცა, ქართული მხრიდან ამ საკითხებს ნათელი მოეფინა და ჩვენმა სტუმარმა პასუხები მიიღო. ასევე, იცით, თავდაცვის მინისტრთანაც ჰქონდა შეხვედრა. ძალიან სამწუხაროა, რომ მან ვერ მოახერხა პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრა. ოპოზიციის მხრიდან მასთან სანქციების საკითხის დაყენება ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავდა გუშინდელი მათი ჟივილ-ხივილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თურმე ნატო- ს გენმდივანი არ შეხვდა და მათ ეს ძალიან გაუხარდათ. რაც არ უნდა კრიტიკულად იყო განწყობილი შენი ხელისუფლების მიმართ, როგორ შეიძლება გაგიხარდეს, რომ გენმდივანი ასეთ მნიშვნელოვან დროს არ ხვდება შენი ქვეყნის პრემიერ- მინისტრს. ჩემთვის ეს არის მორალურად მიუღებელი, ისევე როგორც ის, რომ თუ საქართველოს სანქციებს დაუწესებენ, როგორ შეიძლება ვინმეს გაუხარდეს. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ არის პოლიტიკაში რამდენი ხანია და რა პრინციპით უნდა დაუწესდეს სანქციები, იქნებ ესეც გაგვაგებინონ, პოლიტიკური ფიგურა ხომ არ არის, არც ბიზნესს აწარმოებს ხომ? არც სხვა მხრივ არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიალიანსის ყველა მოკავშირის ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს, ჩვენ განვიხილავთ თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაწულუკიანი იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც პუტინი – ვიოლა ფონ კრამონი