აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პანდემიის დამარცხებამდე დევნილთა დახმარებას არ შეწყვეტს

ყველასთვის ცნობილია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა – დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა, კორონა ვირუსის პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებში მიიღეს გადაწყვეტილება ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაეღოთ თანხა სასურსათო პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებისათვის გადასაცემად. უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებით, ერთი წლის წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება პანდემიის სრულად დამარცხებამდე გაგრძელდება.

დაპირებისამებრ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აქციას, შესაბამისად, აქტიურად ფუნქციონირებს ამ მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისათვის“, რომლის მეშვეობით უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა სააღდგომო ნობათი თბილისში გლდანის რაიონის გმირ კურსანტთა ქუჩის მე-3 კორპუსში განსახლებულ 50 დევნილ ოჯახს გადასცეს. გუშინ კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ და აპარატის თანამშრომლებმა სასურსათო პროდუქტები ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოსა და ზედა ეწერის საბავშვო ბაღის შენობაში განსახლებულთ ჩაუტანეს.

სამუშაო მივლინებით რეგიონში მყოფი უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ხონის მუნიციპალიტეტსაც ეწვია; კერძოდ ხონის დევნილთა დასახლებაში არსებულ კულტურის ცენტრს, მათივე თხოვნის საფუძველზე, საჩუქრად საჭირო ტექნიკა, ინვენტარი, პუფები, წიგნები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭირო ნივთები ჩაუტანეს. დევნილებთან შეხვედრაზე ხონის მერი ლადო ჯურხაძეც იმყოფებოდა. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობა კოორდინირებულად ხორციელდება, მათ შორის 2019 წელს გაფორმებული მემეორანდუმის შესაბამისად. მემორანდუმი, უპირველესად, ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.

ბატონმა ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ხონიდან ზუგდიდში გადაინაცვლეს და ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთა ოჯახებისთვის 33 სააღდგომო ნობათი ჩაიტანეს.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა სააღდგომო ჰუმანიტარული დახმარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედა ეწერის საბავშვო ბაღის შენობაში განსახლებულ დევნილთა 12 ოჯახსაც მიუტანეს.
ჰუმანიტარული ტვირთის, სააღდგომო ამანათების დარიგება, როგორც აქამდე, რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა