აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიმართავს ენგურსგაღმა და გამოღმა მცხოვრებ საზოგადოებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 14:29

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიმართავს ენგურსგაღმა და გამოღმა მცხოვრებ საზოგადოებას

ყოველი წლის 27 სექტემბერი სამრეკლოს ზარებივით შეძრავს ხოლმე მთელ საქართველოს. ეს თარიღი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, საზოგადოებრიობას, ხელისუფლებას, ოპოზიციას მწვავედ ახსენებს დღემდე ღიად დარჩენილ მტკივნეულ ჭრილობას – მტრისგან ოკუპირებულ ნამდვილ წალკოტს – აფხაზეთს, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ აფხაზ თანამოძმეებს, ქართველთა გავერანებულ სახლ-კარს, მამა-პაპათა უპატრონოდ დარჩენილ საფლავებს.
27 სექტემბერი, უპირველესად მაინც, აფხაზეთის საზოგადოებას უმძაფრებს ტკივილს, მღელვარებას, მტანჯველ ემოციას, უმწვავებს ნოსტალგიას, დარდს. ეს მოსაზრება ხაზგასმით გამოხატა კიდეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, როცა აღნიშნა, რომ „ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას“ და პრემიერმა იქვე დასძინა, რომ „საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!“
მიუხედავად აღნიშნულისა, ფაქტობრივად პრობლემის მოგვარების პროცესი უსასრულოდ ჭიანურდება. საკუთარი სახლ-კარიდან ძალმომრეობით გამოდევნილი ქართველობა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ 27 სექტემბერი 27-ჯერ ჩაივლიდა ისე, რომ მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების რეალური კონტურები კვლავ ბურუსით იქნებოდა მოსილი.
ამ მტკივნეული რეალობის პირობებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომლის თითოეულმა წევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა ომის ტრაგედია, დევნილობის მწარე ხვედრი, მიმართავს აფხაზეთის ყველა მკვიდრს – ენგურს გაღმა მცხოვრებ აფხაზებს და გამოღმა საქართველოში იძულებით გადადგილებულთ და იმედიანად აცხადებს, რომ ოცდაშვიდ უშედეგოდ ჩავლილ სექტემბერს, ბოლოსდაბოლოს, აუცილებლად მოჰყვება ერთად ცხოვრების კანონზომიერი ბედნიერი შემოდგომა. უმაღლესი საბჭოს ამ რწმენას კი საფუძვლად უდევს შერიგებისა და ნდობის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკის წარმატება, აფხაზეთში დღეს არსებული ვითარება, ოკუპანტის ანექსიონისტური პოლიტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აგრესიული გახდა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, XXI საუკუნეში ომით და ძალადობრივად კონფლიქტის მოგვარება, არც ერთი მხარისთვის არ მოიტანს სასურველ შედეგს, მშვიდობიანი და პერსპექტიული თანაცხოვრების გარანტიას. აფხაზეთიდან ქართველთა იარაღით გამოდევნის 27-ე წლისთავზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მხოლოდ შერიგება, ურთიერთნდობა, თანამშრომლობა და გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ერთი ფესვი, ერთი სამშობლო, ერთი ისტორია გვაერთიანებს, უზრუნველყოფს ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს თითოეული მხარისთვის მყარი და სანუკვარი მომავალით. ამასთან, იმ შეგნებით, რომ მომავალში 27 სექტემბერს, სოხუმში ქართველები და აფხაზები ერთად მივაგებთ პატივს ორივე მხრიდან სამშობლოს სიყვარულისთვის დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნას. ეს იქნება საერთო უნიკალური კულტურის, თითოეულის იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ჭეშმარიტად სუვერენული ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის გარანტია. 27 სექტემბერი – ჯვართამაღლების დღეა. 1993 წელს ეს დღე ოკუპანტმა ჯვარცმად გვიქცია. ჯვარცმას კი აუცილებლად აღდგომა მოჰყვება!

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 14:29