ანა მიქელაძის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, კომისიებში შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 18:53

ანა მიქელაძის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, კომისიებში შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს.

როგორც მიქელაძემ განმარტა, კონკრეტულად მარკირების შემოწმებასთან დაკავშირებით 11 საჩივარია დაწერილი.

„ძირითადად, ეს ეხება მარკირების წესის დარღვევას, კერძოდ კი, არ ხდებოდა ამ 11 შემთხვევაში მარკირების შემოწმება ამომრჩევლებისთვის. საჩივარი დაწერილია და ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ ამ კონკრეტულ უბნებზე მსგავსი ფაქტები აღარ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა მიქელაძემ.

რაც შეეხება საკონტროლო ფურცლის არასწორად ან არასრულყოფილად შევსების ფაქტებს, რომელზეც საჩივრებია დაწერილი, მიქელაძის ინფორმაციით, დაფიქსირებულია გარდაბნის 52-ე უბანზე, ასევე ნაძალადევის მე-13 საარჩევნო უბანზე, წყალტუბოს 64-ე უბანზე. საჩივრები ასევე დაწერილია ხმის მიცემის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებითაც.

ამასთან, ცესკოს სპიკერმა განმარტა, რომ ისანში, „დირსის“ დასახლებაში ერთ-ერთ უბანზე მცირე შეფერხება არ ყოფილა და პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს.

„ისანში, „დირსის“ დასახლებაში კენჭისყრის პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და არ ყოფილა არანაირი შეფერხება, უბრალოდ, ბევრი ამომრჩეველი იყო საარჩევნო უბანზე, უბნის გარეთ. პროცესი ახლა ჩვეულებრივ მიმდინარეობს. მაქსიმალურად ცდილობს ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომ დაიცვას რიგი და აკონტროლოს რიგში დგომის წესები. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ თავად უზრუნველყონ საარჩევნო უბნის გარეთ წესრიგის დაცვა, დისტანცია, რაც აგვარიდებს ვირუსის გავრცელებას“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამასთან, ანა მიქელაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გლდანში, ერთ-ერთ უბანზე, უბნის გარეთ დაფიქსირდა იარაღის გამოყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ ცესკოს კომპეტენციას ცდება უბნის გარეთ საკითხის შესწავლა.

„ეს არის სამწუხარო ფაქტი, თუკი ეს ნამდვილად მოხდა. ჩვენი კომპეტენციას ცდება უბნის გარეთ საკითხის შესწავლა, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც ამ საკითხზე მოახდენენ რეაგირებას“, – განაცხადა მიქელაძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 18:53