ანა დოლიძის მიმართვა სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გოგინაშვილს: გეძლევათ შანსი შეცვალოთ საქართველოს ისტორია

„მივმართავ სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს – ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ მოგვეცეს შანსი, შევცვალოთ საქართველოს ისტორია, დღეს ეს შანსი გეძლევათ, არ დატოვოთ ძალაში ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა კანცელარიასთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.
„მინდა პირადად მივმართო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, რომელსაც აწერია ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების გადაწყვეტის საკითხი. მართალია, იუსტიციის საბჭოში მუშაობის პერიოდში ხშირად გაკრიტიკებით, მაგრამ დღეს მსურს ვთხოვოთ, გამოიყენოთ ის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ამჟამად მოგეცათ – არ დატოვოთ ძალაში ნიკა მელიას წინააღმდეგ საპატიმრო ღონისძიება. ეს ისტორიული შანსია. ფაქტობრივად, როგორც ხორავას ქუჩის მოსამართლეს, გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ საქართველოს ისტორია,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ასევე მიმართავს ხელისუფლებას:
„ასევე მივმართავ ხელისუფლებას, სააპელაციო სასამართლოს ის ფანჯარა, რომელიც არის ხვალამდე ღია, გამოიყენეთ, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია და ქვეყნის ნგრევა,“ – აღნიშნა დოლიძემ.