ანა დოლიძე საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატივით გამოდის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროცესები შესულია ჩიხში და „სასამართლოს გათანამედროვებისთვის“ საჭიროა საკონსულტაციო პროცესი სასამართლო ხელისუფლების, ბიზნესის, უცხოელი პარტნიორების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით.

„საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ბოლო დროს ძალიან გახშირდა პარტიული ორგანიზაციების და პარტიული სახელმწიფოებიდან სასამართლო ხელისუფლების უმწვავესი კრიტიკა. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო აშშ-ს ელჩის, რომელმაც გააკეთა ამჯერად ოდნავ განსხვავებული აქცენტი და მიუთითა, რომ სასამართლოში არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს ინვესტიციების რაოდენობაზე ჩვენს ქვეყანაში და გავლენას ახდენს არასახარბიელო ბიზნესგარემოს იმიჯის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში არსებული პრობლემები აისახება პირდაპირ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე და კორონავირუსის შემდეგ აისახება კიდევ უფრო მწვავედ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „გრძელდება გაუმჭვირვალე და დახურული დანიშვნები, შიდა გადანიშვნები და ღია კანონდარღვევები“.

„ის, რაც გააკეთა იუსტიციის საბჭომ ერთ-ერთი კანდიდატის ქულების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი კანონდარღვევა. პროცესები შესულია ჩიხში და მე დღეს გთავაზობთ გამოსავალს ამ ჩიხიდან, რომელიც შეიძლება ჩვენ განვახორციელოთ დღეს და არ დაველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც იქნება მოგვიანებით. მე გთავაზობთ, რომ სასამართლოს მოდერნიზებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესების გათანამედროვებასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ბიზნესმა და მოქალაქეებმა დროზე მიიღონ გადაწყვეტილებები და დროზე ჩაიბარონ გადაწყვეტილებები, გავმართოთ საკონსულტაციო პროცესი, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდა. ოღონდ, ამ შემთხვევაში ეს იქნება ბიზნესის მონაწილეობით. სასამართლო ხელისუფლება, ბიზნესი ანუ ის, რაც პირდაპირ აისახება, რაც ხდება სასამართლოში, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელიც იფიქრებს და იმსჯელებს, რა შეიძლება მოდერნიზაციის კუთხით ამ ხელისუფლებაში გაკეთდეს დღესვე. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ განიტვირთოს სასამართლოები, რომ დროზე მიიღონ მოქალაქეებმა და ბიზნესებმა გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ეს შტო დაემსგავსოს თანამედროვე ხელისუფლების შტოს და არ დარჩეს იმ არქაულ ინსტიტუტად, როგორადაც ის დღეს არსებობს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშირომან კაკულია : მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა, რათა ქვეყანა მზად იყოს შემდგომი გამოწვევისთვის
შემდეგი სტატიანიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე დღეს განცხადებას გააკეთებს