ანა დოლიძე: „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ კორუფციის რისკები შეინიშნება

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ არსებულ საეჭვო სქემებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, პანდემიის დასაწყისში შეიქმნა სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის პრობლემა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მქონდა საკანონმდებლო წინადადება, თუმცა ხელისუფლებამ სულ სხვა სისტემა აირჩია, მიზეზი დღეს უკვე გაშიფრულია.
დავიწყოთ იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა პროგრამამ არ იმუშავა, რადგან ფაქტია, რომ თითქმის ყველა პროდუქტზე ფასები საგრძნობლად გაზრდილია. გარდა ამისა, აშკარაა ისიც, რომ მმართველმა პარტიამ ეს პროგრამა შექმნა კონკრეტული კორუფციული სქემისთვის, რათა თავად „ქართულ ოცნებას“და მასთან დაახლოებულ ბიზნესს ესარგებლა,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა ბრიფინგზე ის კომპანიები დაასახელა, რომლებმაც ისარგებლეს პროდუქტის სუბსიდირებით და რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი „ქართულ ოცნებასთან“.

კერძოდ, როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასების შესანარჩუნებელ ბენეფიციარებში მონაწილეობდა 9 კომპანია. აქედან 2 კომპანიის მესაკუთრე არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი, მათ ჯამში მმართველ პარტიას 225 ათასი ლარი შეწირეს. ესენია შპს „სერვის აგროს“ ერთ-ერთი მესაკუთრე დავით ინაური, ხოლო შპს ჯეოსტარის, მფლობელია არჩილ მაზიაშვილი.
ორ კომპანიას შპს “ლუანა” და შპს კარმენ ტენდერში მონაწილეობა არასდროს მიუღია და ამ შემთხვევაშიც პირდაპირი შესყიდვის წესით ისარგებლეს.
ამ 9 კომპანიას შორის არის „კარფურიც“, თუმცა რა თანხა გადაეცა კომპანიას, ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული არ არის.

რაც შეეხება, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კომპანიებს – შპს „ბევრილი ჯგუფთან“ სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებით 4- ჯერ გაუფორმა ხელშეკრულება, სადაც ჯამში გადარიცხულია 916,461, ლარი. ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე არის „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი ნერუ ჩანქსელიანი, რომელმაც მმართველ პარტიას არჩევნების წინ 33 ათას 230 ლარი შესწირა.
კომპანია შპს ცერერას, შპს აგროსისტემებს, შპს პროგრესს ჯამში ხელშეკრულების მიხედვით 1 მილიონ 225 ათას ლარი გადაერიცხათ, თუმცა არც ერთ მათგანს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

„პრემიერ გახარიას სიტყვები, რომ პანდენიის დროს ყველა გაღარიბდა, არის მტკნარი სიცრუე. „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესები გამდიდრდნენ ჩვენი ჯობიდან ამოღებული ფულით.
სინამდვილეში ამოქმედდა სავარაუდო კორუფციული სქემა, ანუ ორი ჯიბის პრინციპი. ის სქემა, რაზეც ადრე „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა თავად იყენებს წარმატებით. მმართველი პარტია სახელმწიფოს, ანუ ხალხის ჯიბიდან იღებს ფულს და პარტიულ ჯიბეში იდებს. ამ დროს ისედაც მართლაც გაღარიბებული მოსახლეობა, გაორმაგებულ თანხებს იხდის საარსებო პროდუქტში,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიწა 10 თეთრად, 9 საცხოვრებელი ბინა – კახა ბექაურის მზარდი ქონება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო (ფოტო)