ანა ბუჩუკური სახალხო ბიუჯეტირებაზე: მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ვალდებულება მოქალაქეებს შეეკითხოს როგორ უნდა განიკარგოს მათი ბიუჯეტი, ჩვენი გუნდი ამ პრინციპით იმუშავებს ყველა მუნიციპალიტეტში.

„მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ვალდებულება მოქალაქეებს შეეკითხოს როგორ უნდა განიკარგოს მათი ბიუჯეტი, ჩვენი გუნდი ამ პრინციპით იმუშავებს ყველა მუნიციპალიტეტში” – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა “ქართულ ოცნების“ წევრებს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„როგორც იქნა, დასრულდა ეს არჩევნები, სამარცხვინოდ ჩატარებული არჩევნები და როგორც იქნა შევიკრიბეთ. სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას ძირითად შემთხვევაში დავიწყებული აქვს აი ამ დარბაზის, ამ ტრიბუნის, მათ შორის, დანიშნულება და არსი. მე უბრალოდ მოგიწოდებდით და გირჩევდით, რომ ზოგჯერ მაინც დაფიქრებულიყავით რისთვის ვსხედვართ ჩვენ აქ და რისთვის მოგვანიჭა მანდატი ჩვენმა მოქალაქეებმა. ჩვენს მოქალაქეებს დღეს განსაკუთრებით უწევთ ძალიან მძიმე ეკონომიკური და ძალიან მძიმე სოციალური პრობლემებით ცხოვრება და ამ პრობლემებთან ყოველდღიური ჭიდილი და ყოველდღიურად გამკლავება და როდესაც ისინი რთავენ ტელევიზორს და უყურებენ თუ რა ხდება ამ დარბაზში მათ შორის, ეს დამატებით მათ უქმნის ნიჰილიზმის საფუძველს” – განაცხადა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში წარმოადგინა 14-მდე კანონპროექტი, რომელიც პაკეტის სახით არის 4 ინიციატივა, თუმცა არც ერთი ინიციატივა პარლამენტის მიერ არ განხილულა და მოსმენებიც კი არ დაწყებულა.

“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა გუნდმა ბოლო რამდენიმე თვეში შეძლო და წარმოვადგინეთ 14-მდე კანონპროექტი, რომელიც ჯამში არის პაკეტის სახით 4 ინიციატივა, თუმცა სამწუხაროდ არც ერთი, ხაზს ვუსვამ, არც ერთი ეს ინიციატივა პარლამენტის მიერ არ განხილულა და მოსმენებიც კი არ დაწყებულა. აქ რა თქმა უნდა მხედველობაში არ მაქვს ფორმალურად ბიუროზე გატანა იმიტომ, რომ დამეთანხმებით ალბათ ამაში მაინც ყველანი, რომ ეს უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივები შეეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიც არის მაგალითად სახალხო ბიუჯეტირების პრინციპის დანერგვა სავალდებულო წესით ყველა მუნიციპალიტეტში. ვინც არ იცის ავუხსნი, რომ სამოქალაქო ბიუჯეტირების, იგივე სახალხო ბიუჯეტირების პრინციპი პილოტირების რეჟიმში რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობს და ჩვენ წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომ ეს გახდეს სავალდებულო ყველა მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებისთვის მარტივად რომ ავხსნა რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ვალდებული და ეს არ უნდა იყოს მის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს დაეკითხოს და შეეკითხოს როგორ უნდა განიკარგოს მათი ბიუჯეტი. იმის მიუხედავად ამ კანონპროექტს თქვენ აქ მიიღებთ თუ არ მიიღებთ, ჩვენი გუნდი ამ პრინციპით იმუშავებს ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ვართ წარმოდგენილი. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენ მოვახერხეთ, რომ აბსოლუტურად ყველა რეგიონში გვყავს ჩვენი წარმომადგენლები, ჯამში 113 დეპუტატით ვართ უკვე წარმოდგენილი და ეს იქნება ასე ვთქვათ, სახალხო ბიუჯეტირების პრინციპი იქნება ძირითადი ამოსავალი პრინციპი ჩვენი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ინიციატივა, რომელიც ასევე იქნა წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან, დაახლოებით 6 თვის წინ, ეხებოდა ბავშვთა უფლებების დაცვას. ჩემთვის რთულად წარმოსადგენია მოიძებნოს ადამიანი, რომლისთვისაც ეს საკითხი შეიძლება იყოს რაღაცა პოლიტიკური ინტერესის მქონდა და ჰქონდეს პოლიტიკური მდგენელი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც სხვათა შორის, თავის დროზე მოწონებული იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა პარლამენტში ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა. კერძოდ, ჩვენი ინიციატივით აბსოლუტურად ყველა ბავშვი, სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ სტადიაზე, მოწმე იქნება ეს თუ გამოსაკითხი ბავშვი, უნდა სარგებლობდეს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. ასევე, წარმოვადგინეთ ცვლილება, რომელიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, რომელიც ასევე არ განხილულა, არ დაიწყო მსჯელობა ასე ვთქვათ ამ საკითხზე. ასევე, წარმოვადგინეთ საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნის საკანონმდებლო პაკეტი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც თავის დროზე ვენეციის … საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნის პაკეტი, რომელიც თავის დროზე ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან დადებითად იქნა შეფასებული” – განაცხადა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურმა დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან შეახსენა, რომ პარლამენტში ყოფნის თვითმიზანი არის ადამიანი და ერთადერთი თვითმიზანი არის სახელმწიფო.

“მე არ ვიცი, შეიძლება ორგანიზაცია ოცნება თვლის, რომ მას ერთგვარი მონოპოლია აქვს საკანონმდებლო საქმიანობაზე, მაგრამ მე შეგახსენებთ კოლეგებო, რომ ჩვენი აქ ყოფნის ერთადერთი თვითმიზანი არის ადამიანი და ერთადერთი თვითმიზანი არის სახელმწიფო. სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც არის დავიწყებული ორგანიზაცია ოცნების მხრიდან და სწორედ აი ეს არის ადამიანების და სახელმწიფოს ღალატი. ამ ტერმინს გირჩევდით, რომ სწორად გამოიყენოთ ხოლმე და ბოლოს შეგახსენებთ, რომ პარტია არაფერია, ანუ, პარტიას საერთოდ ფასეულობა არ გააჩნია და არაფერი არ არის. ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი და ბერკეტი, რომ ვემსახუროთ ჩვენს მოქალაქეებს და სახელმწიფოს და არა პირიქით” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ არავის მისცემს ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის უფლებას და არ დაუშვებს ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი: „ეკონომიკაში ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა“