“ან შემოვუშვებდი, ან არა” – გახარია კითხვაზე, შემოუშვებს თუ არა ხვალ გავრილოვისნაირ ფიგურას

პრემიერობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, მან 20 ივნისამდე იცოდა, რომ საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა იმართებოდა და მასში სერგეი გავრილოვი მონაწილეობდა. ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას კითხვაზე, გახარიამ თქვა, რომ “არ ახსოვს” რა დროით ადრე გააფრთხილეს ამის შესახებ და ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია. მისივე თქმით, არ განუხილავთ, მიზანშეწონილი იყო თუ არა ასეთი ღონისძიების ჩატარება საქართველოში.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, მან არ იცოდა, რომ სერგეი გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა და არც იმის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსი დეპუტატი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობას” აღიარებს.

“არსებობს კანონი, რომელიც ან არის დარღვეული ან არ არის დარღვეული, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, არ არსებობდა არანაირი დამადასტურებელი ფაქტები, რომ ამ ბატონს ჰქონდა დარღვეული კანონი” – ამბობს პრემიერობის კანდიდატი.

ამის შემდეგ, გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონიდან წაუკითხა ამონარიდი. კანონის მიხედვით, უცხოელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე, თუ საგარეო პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა.

“თქვენ ფიქრობთ, ეს პუნქტები არ არის საკმარისი გავრილოვის მიმართ, რომელიც იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში და რომელიც აქტიური მხარდამჭერია საქართველოს სუვერენიტეტის დამხობის, არ შემოგეშვათ საქართველოში?” – იკითხა გიგა ბოკერიამ, რა დროსაც, გიორგი გახარიამ დეპუტატი ტყუილში დაადანაშაულა.

“ბატონო გიგა, იმის შესახებ, რომ გავრილოვი სადღაც იბრძოდა, ტყუილს ეუბნებით საზოგადოებას, იმიტომ, რომ დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, თუ არსებობს, მოიტანეთ და მანახეთ” – თქვა გახარიამ.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ თავად სერგეი გავრილოვის თქმით, აფხაზეთის ომის დროს ის მართლმადიდებლებს ეხმარებოდა რუსულ მხარეს. მან პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა – “ანუ თქვენ ეს არ მიგაჩნიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებად? როცა ომის დროს აფხაზეთში, იქით მხარეს იყო ჩასული კაცი?”.

გიორგი გახარია: ვერ გავიგე კითხვა

გიგა ბოკერია: ანუ თქვენ თვლით, რომ ეს ორი პუნქტი არ იყო თქვენთვის საკმარისი, როგორც ამ ქვეყნის მინისტრისთვის და პატრიოტისთვის, რაზეც თავს დებთ, რომ უბრალოდ, უარი გეთქვათ ამ კაცისთვის შემოსვლაზე, თვლით, რომ არ იყო ეს საკმარისი?

გიორგი გახარია: არ მიპასუხია ეს, თქვენ ერთი მსახიობის თეატრში კი არ ხართ, ეს იყო საერთაშორისო პლატფორმა, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ბატონის გარდა კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია.

გიგა ბოკერია: უნდა გაგაწყვეტინოთ, ეგ არ იყო ჩემი კითხვა, მე გკითხეთ, ეს ორი პუნქტი იძლევა თუ არა საშუალებას, რომ გავრილოვისნაირი ფიგურა არ შემოუშვათ ქვეყანაში, აბა, რისთვის არის ეს კანონი?

გიორგი გახარია: ეს ორი პუნქტი საშუალებას გვაძლევდა.

ამის შემდეგ, გიგა ბოკერიამ პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა – “ხვალ გავრილოვისნაირი ფიგურა რომ მოადგეს საქართველოს, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და მით უმეტეს ეგეთის, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის გავლენის მქონე ორგანიზაცია, შემოუშვებთ თუ არა ქვეყანაში?”, რაზეც გიორგი გახარია პასუხობს, რომ თუ კანონი არ იქნება დარღვეული, ამას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტს.

“გავითვალისწინებ, რომ პარლამენტში გვყავს ხალხი, რომელიც მოუწოდებს შტურმისკენ, ამას გავითვალისწინებ… ან შემოვუშვებდი და ან არა, გადავწყვეტ მაშინ, ასე იქნება” – ამბობს გახარია.

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას შეფასებით, “დაღვრილი სისხლი, დათხრილი თვალები და კრიზოსიც არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის გუნდის ამ კანდიდატისთვის, რომ ახლა მაინც ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ხვალ იგივე დანაშაულებრივ შეცდომას არ დაუშვებს”. მისი თქმით, “საზოგადოებას უნდა ესმოდეს, ვინ წარადგინა პრემიერობის კანდიდატად ივანიშვილმა, ვინც ხვალ აპირებს ისევ გავრილოვის ღამე მოაწყოს, ან როგორც მინიმუმ, არ გამორიცხავს მას”.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო გახარიას პროგრამას არ განიხილავს, შეკითხვები მხოლოდ 20 ივნისს შეეხება
შემდეგი სტატიაგახარია მიიჩნევს, რომ კობახიძის გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი არ იყო