ამირან სალუქვაძე: რუსეთმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა

პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მანამდე ბულგარეთის, ჩეხეთის, სერბეთისა და სხვა ეკლესიებმა, უკრაინის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭირეს.

ეს დიდად არაფერს წყვეტს. უკრაინამ თავის საწადელს მიაღწია და სრულიად სამართლიანად მოიპოვა ავტოკეფალია. თუმცა, გაუგებარია, რატომ დასთმო საზღვარგარეთ ეპარქიების შექმნის უფლება.

სხვა სახელმწიფოებს არ განვიხილავ, პოლონეთის მაგალითიც საკმარისია. პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სულ რაღაც 600 ათასი ადამიანია. ავტოკეფალია კი კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან 1924, ხოლო რუსეთის პატრიარქისგან აღიარება 1948 წელს მიიღო. შეგახსენებთ, პოლონეთმა (რუსეთისგან) დამოუკიდებლობა 1918 წელს მოიპოვა.

დღეს, როცა პოლონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მისი , მართმადიდებელი ეკლესიის ასეთი პოზიცია, როცა რუსეთთან არ გააჩნია ღია სამხედრო კონფლიქტი ან სხვა მსგავსი პრობლემები, გაუგებარია, განსაკუთრებით, თუ მათ ისტორიას გავითვალისწინებთ.

იგივე ეხება სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს. უკრაინის მრევლი მათ ჯამურ მრევლს აღემატება და რა ლოგიკაა მათ პოზიციაში?

ჩვენს საზოგადოებაში ბევრი საუბარია ჩვენი ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით. იგრძნობა გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ საკუთარი პოზიციის თავზე მოხვევის და თემით სპეკულირების მცდელობაც.

პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო, თეოლოგებო, თქვენ ვინ გკითხავთ რას გადაწყვეტს ეკლესია? თუ არ გწამთ, ნუ ილოცებთ, თუ ლოცულობთ, მიენდეთ. ჩვენი რჩევების გარეშე იარა ეკლესიამ 17 საუკუნე და კიდევ გაივლის, თუ ჩვენივე უჭკუობით სახელმწიფოს არ დავიმხობთ თავზე.

აზრის გამოხატვის უფლება ყველას გვაქვს, მაგრამ ეკლესიაზე ზეწოლის და მისი შეურაცხყოფის – არა.

მე მომხრე ვარ მხარი დავუჭიროთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. თუმცა არ ვარ რელიგიის სპეციალისტი და, შესაძლოა, ყველა საფრთხეს ვერ აღვიქვამ. საუბარი არაა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ეკლესიის, როგორც რუსები უწოდებენ, ფორმალურ იურისდიქციაზე. თუმცა ეს არგუმენტიც არაა ხელწამოსაკრავი, რადგან მათ ე.წ. დამოუკიდებლობას რელიგიურ საფუძველს აცლის. ყოველ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ავტოკეფალური ეკლესიებისგან განსხვავებით, საქართველოს კონკრეტული წინააღმდეგობა გააჩნია.

ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ჩვენი ეკლესიის პასუხი და პოზიცია იქნება განსხვავებული სხვა ეკლესიებისგან.

საუბრობენ ნეიტრალური პოზიციის მიუღებლობაზე. ზუსტად თქვენზეა ნათქვამი, რომის პაპზე მეტ კათოლიკობას ცდილობთ. უკრაინის ხელისუფლებისთვის და ეკლესიისთვის სასურველია და მისასალმებელი იქნება, თუ ჩვენი ეკლესია თუნდაც ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, ჩვენთან კი ზოგიერთებისთვის მიუღებელია?!

რაც შეეხება რუსეთს, მიიღო ის, რაც დაიმსახურა. ახლა ცდილობენ კონსტანტინოპოლის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლის ჭრილში წარმოაჩინონ. თურქეთსაც აბრალებენ და კონსტანტინოპოლზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მოკლედ, ყველას ბრალეულობას ხედავენ, საკუთარი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის გარდა.

მკაფიოდ უნდა ვხედავდეთ, რომ ყირიმის ანექსია, დონბასის გახლეჩვა, უკრაინის წინა და მოქმედი ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკის და შეცდომების ბრალიც არის, მაგრამ ეს რუსეთის აგრესიას ვერაფრით ამართლებს. მით უმეტეს, რუსეთის სურვილიც ეს იყო და ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის დადგომისთვის. შემდეგ კი უკვირთ რატომ იბრძოლა უკრაინამ ავტოკეფალიისთვის. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება შედეგია არა დასავლეთის რუსეთისადმი დამოკიდებულების, არამედ რუსეთის აგრესიული, იმპერიალისტული სამეზობლო პოლიტიკის. დარწმუნებული ვარ, თუ ყირიმის და დონბასის პროცესები გათვლილი და დაგეგმილი ჰქონდათ, უკრაინის ეკლესიის მოწყვეტას ვერ წარმოიდგენდნენ.

რუსეთისთვის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის, გლეხურად, დამოუკიდებლობის მოპოვება, მისი მოწყვეტა რუსეთის ეკლესიისგან, მოსკოვის საპატრიარქოსგან, 40 მილიონიანი მრევლის დაკარგვა, ძალიან დიდი საფასურია. ეს კრემლის პოლიტიკის კრახია. საკითხავია, უღირდა კი რუსეთს ყირიმის მიერთება ასეთი საფასურის გაღებად?!

ეს რომ ასეა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია რომ რუსეთისთვის სერიოზული დარტყმაა, ისიც ცხადჰყოფს, რომ რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომლის მნიშვნელობა მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველასათვის გასაგებია, ურთიერთობა გაწყვიტა.

მოკლედ, მივულოცოთ უკრაინას ავტოკეფალიის მოპოვება და დაველოდოთ ჩვენი სინოდის გადაწყვეტილებას. შემდეგ შევაფასოთ, როცა გადაწყვეტილება გამოქვეყნდება.

ამირან სალუქვაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიარუსთავის მერიასთან რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ