ამილახვარი – იკვეთება კონტურები, რომ ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება

მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ამილახვარის თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი ახლო მომავალში გაიმართება.

„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი და გავაგრძელოთ პარლამენტში მუშაობა ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზე.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე რაუნდი ახლო დღეებში გაიმართება, ვართ საკმაოდ იმედიანად განწყობილი. ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ორივე მხარემ დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები, გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები და მივიდეთ იმ საერთო გადაწყვეტილებამდე, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი მესამე რაუნდის წინ ულტიმატუმების ენით საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

რაც შეეხება პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას, ამილახვარის შეფასებით, ერთმანეთთან შეუთავსებელია ბოიკოტის რეჟიმის გამოცხადება და ამავე დროს იმ დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც ეძლევათ მათ, რათა გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში.

„ჩვენ ამას მივიჩნევთ არასწორ ნაბიჯად. მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ უმჯობესია, გადადგან ნაბიჯი, შევიდნენ პარლამენტში და აიღონ მათთვის მოპოვებული დაფინანსება, გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის ტრიბუნიდან“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ReformerFitness-ის დარბაზს ვქირაობ ჩემს სახლად, მოდით, ვისაც ვარჯიში გინდათ