ალეკო ელისაშვილი სატელეფონო ამონაწერს ასაჯაროვებს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის ტელეფონზე შეტყობინება მაგთის ქსელის აბონენტისგან შევიდა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მის ტელეფონზე შეტყობილება 591-ის აბონენტისგან მივიდა. ელისაშვილი ამ ეტაპზე ტელეფონის ნომერსა და მისი მფლობელის ვინაობას, არ ასაჯაროვებს.

ალეკო ელისაშვილმა სატელეფონო ამონაწერი წარმოადგინა, სადაც მისი თქმით, აღნიშნული შეტყობინებების არსებობაა დაფიქსირებული.

“2014 წლის 30 აპრილს, 14:30 საათზე ზედიზედ ოთხი სმს შემოვიდა, სადაც კატეგორიულ-ისტერიულ ტონში იყო მოთხოვნა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებულად გამეტანა. ამ ადამიანს მე ორსაათნახევრის შემდეგ ვუპასუხე. ეს ის ორსაათნახევარია, როდესაც ეს შეტყობინება პრეზიდენტს და ადმინისტრაციის უფროსს შევუტანე. ამ ყველაფერზე მე მინდა ოფიციალური პასუხი. ამ ამონაწერს მივუტან პროკურატურას, ეს ჯერ არ იციან, შემდეგ ამ პასუხის მიხედვითაც რაღაცეებს ვაჩვენებ. რომც წაშალონ, მაინც დავუდასტურებ რომ მოკლეტექსტური შეტყობინება მოვიდა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ამ მოკლეტექსტურ შეტყობინენებში დაფიქსირებულია, თუ რომელ საქმეზეა საუბარი და კონკრეტული გვარებიც არის დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც, ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში 14 დეკემბერს, კიდევ ერთხელ დაკითხეს. მან გამოძიებას ის ტელეფონი მიუტანა, რომელზეც მისი მტკიცებით, შეწყალების კორუფციულ სქემაში მონაწილე მაღალჩინოსნები, შეტყობინებებს უგზავნიდნენ. თუმცა, პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის ტელეფონში, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, მაღალჩოსნების მიერ გამოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებები, არ აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაში“ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი ივანიშვილის ჯიბეში მიდის”
შემდეგი სტატიაჩქაროსნული გზის რუისი-აგარას მონაკვეთი გაიხსნა