ალეკო ელისაშვილი – არის რაღაცები, რაც „ქართული ოცნებაც“ რომ ხარ, არ უნდა იკადრო

ორი ექსპერტი რუკას დამალავს, თუ გამოაჩენს თურმე, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო საზღვარი სად გაივლის. არის რაღაცები, რაც „ქართული ოცნებაც“ რომ ხარ, მაინც არ უნდა იკადრო, – ამის შესახებ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” ეთერში დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ყოფილი წევრების დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც ხდება „ქართული ოცნების“ ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული და „სახელმწიფოს ინტერესებით თამაშია“.

„ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი ძალიან ცუდად იქცევა და დავით გარეჯის ნაწილი უბრალოდ წაგვართვა. უკვე ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც ვისაც არ ეზარება, ყველა ყველაფერს უბედავს და ვხედავთ, რომ ასეთი თემებითაც კი მაიმუნობს წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“. ეს ხომ ძალიან მგრძნობიარე თემაა, არის რაღაცები, რაც „ქართული ოცნებაც“ რომ ხარ, მაინც არ უნდა იკადრო. რაღაც მაიმუნობასთან გვაქვს საქმე.

ანუ პროკურატურა რას გვეუბნება, რომ ორი ადამიანი, ორი ექსპერტი იმ კომისიაში რუკებს მალავდა. მაშინ სუს-ი ან პროკურატურა რას აკეთებდა, საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურები რას აკეთებდნენ? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? ორი ექსპერტი რუკას დამალავდა, თუ გამოაჩენდა, ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული? თან ეს ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ გაახსენდათ, 3 კვირა რომაა დარჩენილი არჩევნებამდე ახლა გაიღვიძეს და რაღაც ბოდვას გვასმენინებენ.

ეს ამბავი რომ გაქექეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ უნდათ, მაგრამ არის თემები, სადაც როგორც არ უნდა გძულდეს ოპონენტი, არ უნდა შეეხო და ასეთი თემაა დავით გარეჯი. დასაცინს ვიხდით თავს და აზერბაიჯანმა უნდა დაგვცინოს. ორი ექსპერტი რუკას დამალავს თუ გამოაჩენს თურმე ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო საზღვარი სად გაივლის, არის თემები, რომლებიც არ უნდა იკადრო, სახელმწიფოს ინტერესებით თამაშობენ“, -აღნიშნა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : რასაც უკეთებენ მელაშვილს და სხვა ადამიანებს, მცდელობაა გადაფარონ უბედურება, რაც საქართველოში ხდება