ადვოკატი – სააკაშვილის ორგანიზმი არ არის მზად საკვების შეუზღუდავად მისაღებად

დღეს ველოდებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას დასკვნას. ორივე კონსილიუმის მიმართ გვსურს, გამოვხატოთ პატივისცემა და ნდობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უპირველესი პრიორიტეტია.

„რაც შეეხება გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის კარგად და საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს. საკვების 80% უბრალოდ იყრება ნაგავში. მისი ორგანიზმი არ არის მზად ამ საკვების მისაღებად. ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა, რომ ამ ექიმის მიერ გაკეთებული განცხადება იყოს სიმართლე. ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უპირველესი პრიორიტეტი. თავად სააკაშვილისთვის ეს ასე არ არის, რადგან ის იყო ჯანმრთელი და ცხოვრობდა კომფორტულად. ამ პირობებში მან არჩია, რომ ქართველი ხალხის გვერდით ყოფილიყო. ჩვენ გაგვიხარდებოდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის. იმ არაადამიანური მოპყრობის და წამების შემდეგ, რაც სააკაშვილმა გაიარა, რეაბილიტაციის პროცესი არ იქნება მარტივი, მას საკმაოდ ფუნდამენტური პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, რომ მას არანაირი სამედიცინო სერვისის მიღება არ სჭირდებოდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვითარება არ გვაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია სააკაშვილის პოზიცია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე, შემდეგ კი, შეკრებისკენ და წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს ადამიანებს, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს პოზიციები ურთიერთწინააღმდეგობრივი არ არის.

„მძლავრი მოქმედება არ ნიშნავს შერიგების უარყოფას და ერთმანეთთან დაპირისპირებას. მსგავს შინაარსს მიხეილ სააკაშვილის ვერც ერთი განცხადებიდან ვერ გამოიტანდა ვერც ერთი გონიერი ადამიანი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

წინა სტატიაშიდეგნანი – მიუღებელია, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, იმედი ვიქონიოთ, რუსეთი მალე შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს
შემდეგი სტატიადეგნანი – ჩვენ ყველასთან ვიმუშავებთ, ვინც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება