ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა. გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ანა დოლიძის ბიოგრაფია გააცნო და პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ის პარლამენტში კვალიფიციური დისკუსიის გამართვის განწყობით მოდიოდა, თუმცა კითხვების არსებობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მათზე პასუხის გაცემის მზადყოფნა გამოთქვა.
“ქალბატონი ანას ბიოგრაფია იყო დეტალურად ცნობილი ჩვენთვის და მინდა კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო – ვამაყობთ, რომ ასეთი კანდიდატი იქნა დასახელებული და, რომ მე დღეს შემიძლია ასეთი კანდიდატი წარვადგინო პრეზიდენტის სახელით. რაც შეეხება ბიოგრაფიის იმ დეტალს, ხანდახან უნდა შევძლოთ კვალიფიციური დისკუსია, არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოებრივ თემაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების შესახებ საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ ვინმეს არ მოსწონს პოლიტიკურად ქალბატონი ანა, არ ნიშნავს, რომ შავი პიარის ძებნა და აგორება უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციაში ქალბატონი ანას საქმიანობა თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, როგორ ჩანს სიღრმისეული კვლევა გაქვთ გაკეთებული, მაგრამ კვლევა სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით წარიმართა და მთლიანად ინტერპრეტირებულია”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ანა დოლიძემ დეპუტატებს ის შვიდი თეზისი გააცნო, რომელიც, მისი თქმით, სახელმძღვანელოა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. კერძოდ, ეს არის ნდობის გაღვივება სასამართლო ხელისუფლების მიმართ, კანონიერებისა და სამართლიანობის შეჯერება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, სასამართლო სისტემის სიჯანსაღე, რაც მოსამართლეების მაღალზნეობრივ ავტორიტეტს უკავშირდება, მოსამართლეების კომპეტენტურობა, პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი.
თავად კანდიდატმა, სასამართლო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით კომიტეტებს საკუთარი პოზიციები გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. როგორც ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის გრძნობს, რომ აქვს ძალიან დიდი პატივი იყოს წარდგენილი პარლამენტის წინაშე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.

“შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბიოგრაფია არ უზრუნველყოფდა იმას, რომ მე დღეს წარვმდგარიყავი თქვენს წინაშე. ჩემი ბავშვობა უკავშირდება უსამართლობის ძალიან დიდ მოგონებას. 1991-1992 წლებში მამაჩემი, როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე, არაერთხელ იყო დაპატიმრებული და ნაწამები სწორედ იმ სასამართლოს ორგანოების დაკვეთით და ხელდასმით, რომლის, მადლობა ღმერთს, სახელისა და გვარის მაიდენტიფიცირებელი არაფერი მახსოვს. მოგვიანებით ჩემი პროფესიული საქმიანობა 2004-2005 წლებში უკავშირდება უამრავ მოგონებას, უსამართლობისა და ჩაგვრის ჩადენას სწორედ სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით. კონკრეტულად გავიხსენებ 2005 წელს სასამართლო სხდომას ახალციხეში, რომელიც ახალციხის უნივერსიტეტის რექტორის დაპატიმრებით დამთავრდა სასამართლოში, სადაც მოსამართლე გარშემორტყმული იყო სპეცდანიშნულების რაზმით. ეს გრძელდებოდა 3 წუთის განმავლობაში მოსამართლის მიერ, რომელიც საზოგადოებას სახეში ვერ უყურებდა. ამის გარდა იყო ბევრი სასამართლო პროცესი, მათ შორის, ისინი წარმართული იყო ირაკლი იმნაიშვილის, რევაზ ოქრუაშვილის, მრავალი ჟურნალისტის, პოლიტიკური მოღვაწის, დისიდენტის მიმართ. ის პროცესები, სადაც მე პირადად ბრძოლებში თავს დამარცხებულად ვგრძნობდი. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მე, დღეს თქვენს წინაშე წარვდექი იმ დაუღალავი ბრძოლის შედეგად, რომელიც წარმართა ქართველმა ხალხმა და ქალბატონმა ირინა ენუქიძემ, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს ჩვენ დარბაზში გვესწრებიან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საკომიტეტო მოსმენას კომიტეტის წევრების გარდა, საზოგადოებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიკოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია
შემდეგი სტატიაკოალიციის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა