კოალიციის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხს ეწინააღმდეგება “რესპუბლიკური პარტია”, თუმცა მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

“კოალიცია “ქართული ოცნების” დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კოალიცია წინააღმდეგია ყოველგვარი დისკრიმინაციის და ეს შესაბამისი კანონმდებლობით უკვე გამყარდა. “ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება ამ დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება