მამუკა ღლონტი: მე პრეტენზია არ მქონია, ვიდრე გიორგი გაჩეჩილაძე არ შემოვარდებოდა ტელევიზიაში

ტელეკომპანია “მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ დავაში არც ერთ მხარეს არ წარმოადგენს, თუმცა მხარს სიმართლეს დაუჭერს.
“ამ შემთხვევაში მე პრეტენზია არ მქონია, ვიდრე გიორგი გაჩეჩილაძე არ შემოვარდებოდა ტელევიზიაში. შესაბამისად, დასკვნის გაკეთება არ არის რთული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც არ ვამბობ, რომ ვინმეს მხარეს ვარ“,-განაცხადა მამუკა ღლონტმა 2030.news-სთან საუბრისას და განმარტებები “მაესტროს“ სახელწოდებაზეც გააკეთა.
“მე და ჩემი მეგობრები 100-პროცენტიან საკუთრებას ვფლობთ სახელწოდებაზე. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია არც შენობაზე, არც აპარატურაზე. ღმერთმა ყველას ყველაფერი შეარგოს. ის რაც ჩვენი მოფიქრებულის, ჩვენი შექმნილია, ის არის ჩვენი“,-განაცხადა “მაესტროს“ 6.25 % წილის მფლობელმა, მამუკა ღლონტმა.
ამასთან, მამუკა ღლონტმა დღეს განცხადება „ფეისბუქითაც“ გაავრცელა. „ოფიციალურად ვაცხადებ: 1. “მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს. 2. არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25 % წილი. 3. „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ამაყობენ “მაესტროს“ ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად. მე არ ვაპირებ, მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ, ვინმეს დავუთმო სახელწოდება “მაესტრო“. და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ, იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე“,-წერს მამუკა ღლონტი.

banner
წინა სტატიაში“ირანი ჩვენი მეზობელია და ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს“ – დავით სერგეენკო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა