“ველოდები, პარტიები როდის იტყვიან, რომ გიორგი რურუა ნამდვილად პარტიულ ლიდერს წარმოადგენს”

ველოდები, პარტიები როდის იტყვიან, რომ გიორგი რურუა ნამდვილად პარტიულ ლიდერს წარმოადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გიორგი რურუა განცხადებაში მოიხსენიება, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი. არ მგონია, რომ თვითონ ასე განსჯიდეს თავის თავს, რომ იგი ლიდერია. მაგრამ აქ მისი პიროვნების შეფასებაზე ლაპარაკი არ არის. თვითონ საკითხისადმი დამოკიდებულებაზეა. მე ველოდები, პარტიები როდის იტყვიან, რომ ნამდვილად გიორგი რურუა პარტიულ ლიდერს წარმოადგენს. გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო გიორგი რურუასთან დაკავშირებით, არამედ უგულავასთან, ოქრუაშვილთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.

თუ კი მათ, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობას, ხელისუფლებას, პარტიას შეუძლია ჩაერიოს ამ გადაწყვეტილებებში, მაშინ კეთილი ინებონ, გაიმარჯვონ, ხალხმა მხარი დაუჭიროს და მერე გვაჩვენონ მაგალითი.

2012 წლის წინა პერიოდში თუ როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებას ვინ დაეჭირათ, ვინ გაეშვათ, ვისთვის რამდენი მიესაჯათ ან ვისთვის წაერთმიათ, ვინ ეწამებიათ და ვისთვის სიცოცხლე მოესპოთ, ასეთი გამოცდილება მათ გააჩნიათ და ამ გამოცდილებას საზოგადოება მხარს თუ დაუჭერს, ეს ოქტომბრის არჩევნებში გამოჩნდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თავდაცვის საკითხებში მრჩეველის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს“.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-2020-ის არჩევნებზე მმართველი გუნდიდან სამეგრელოს სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია