ცხინვალი მოშიმშილე ოსი პატიმრების საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ციხეებში მყოფი მოშიმშილე ოსი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

შესაბამის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2005 წელს უკანონოდ დაკავებულმა და აშკარად გაყალბებული ბრალდებების შედეგად უვადო თავისუფლება აღკვეთილმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა გია ვალიევმა, გია ზასეევმა და იოსებ კოჩიევმა 26 იანვარს შიმშილობა გამოაცხადეს, რამაც სამხრეთ ოსეთში ძლიერი შეშფოთება გამოიწვია“.

„მრავალდღიანი შიმშილობა, რომელიც უკვე მეოთხეა ბოლო წლების განმავლობაში, შესაძლოა, მძიმედ აისახოს მათ ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, კონფლიქტის შემდგომი საკითხების დარეგულირების მიმართულებით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს აღნიშნული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის და ამ საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ ოსური მხარის ინფორმირების მიზნით მიმართა. ნაცვალგების საფუძველზე პატიმრების გათავისუფლების წინადადება სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა. თუმცა, ამ ჰუმანური საკითხის გაგება ქართული მხარარის აქამდე არ არსებობს “, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის პრესსამსახური ავრცელებს.

ვალიევის, ზასეევისა და კოჩიევის გათავისუფლების საკთხს ოსურმი მხარე ჟენევის დისკუსიების ფორმატში გამართული შეხვედრებისას მუდმივად სვამს. ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით უარს ამბობს, რომ ეთნიკური ოსი პატიმრები ციხიდან გაათავისუფლოს. გია ვალიევს, გია ზასეევსა და იოსებ კოჩიევს გორის სასამართლომ 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანი, 2005 წლის 1 თებერვალს, გორში, ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის გასამართლდა.

ცნობისთვის, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ეზოში მომხდარ აფეთქებას 2005 წელს სამი პოლიციელის: თამაზ იაკობიძის, იოსებ მინდიაშვილისა და გიორგი მთვარელიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვალიევმა, ზასეევმა და კოჩიევმა აღიარეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკ ანატოლი სისოევის დავალებით მოქმედებდნენ. გარდა ამ ტერაქტისა, ამ პირებმა 2004 წლის შემოდგომაზე მომხდარი სხვა ტერორისტული აქტებიც მათ შორის: გორის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქართლი 2“-ის აფეთქება, კასპის რაიონში სარკინიგზო მონაკვეთის აფეთქება და ხაშურის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის რადიოგადამცემი სადგურის აფეთქება თავის თავზე აიღეს.

უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელებული საყოველთაო ამნისტია არ შეეხოთ. ამის გამო, მათ ერთი წლის წინ სხვა პატიმრებთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს. ამასთან, მათ 2014 წლის იანვარში შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართეს. ამის პარალელურად, პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით ზასეევის დედამ ლუდმილა უსოვიჩმაც მიმართა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ- საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს