ჩილეს და საქართველოს შორის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზოს მიმოსვლა შეეძლებათ

დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ჩილესა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება იმოქმედებს.

2015 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ“ შეთანხმება, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეების ჩილეს რესპუბლიკაში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ.

2015 წლის 21 აპრილს ჩილეს მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ქართულ მხარეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესასვლელად შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

შეთანხმებას ხელი 2013 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ სანტიაგოში ჩილეს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა სეხნიაშვილის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებაზე.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში.

მიმდინარე წლის ივნისში ქალაქ სანტიაგოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შსს ტექნიკას წარადგენს
შემდეგი სტატიათურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ