შესაძლო დაბრკოლებები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს

შტეფან ბატორის ფონდის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში “აღმოსავლეთ პარტნიორობის გადახედვა” საუბარია იმ დაბრკოლებებზეც, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეხვდეს. მოცემულ ანგარიშში საქართველოს შესახებ მონაკვეთის ავტორი OSGF-ის ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ივანე ჩხიკვაძეა. ანგარიშში ნათქვამია, წამყვანი პოლიტიკური პარტიები ერთსულოვნები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს და ევროკავშირი საქართველოს ბუნებრივი პარტნიორია. ანგარიშის თანახმად, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. პირველ რიგში, ანგარიშის ავტორი ამბობს, რომ მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება, შეიძლება ხელი შეუშალოს მთავრობას იმ მტკივნეული, მაგრამ საჭირო რეფორმების განხორციელებაში, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად ანგარიშში დასახელებულია ის ფაქტი, რომ ასოცირების ხელშეკრულების საპარლამენტო მიმოხილვა სუსტდება. გარდა ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევებისა, ანგარიშში საუბარია რუსეთის სამხედრო პოლიტიკასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზეც. ანგარიშში საუბარია პრორუსული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეებზეც. კერძოდ, აქ ნათქვამია, რომ საქართველოში პრორუსული ძალები სწრაფად ვითარდებიან. 2 ასეთი მსხვილ ორგანიზაციად დასახელებულია “ევრაზიის ინსტიტუტი” და “ევრაზიული არჩევანი”, ასევე არის 20–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ ორ ორგანიზაციასთან. ანგარიშის თანახმად, ეს ორგანიზაციები მჭიდროდ უკავშირდებიან რუსულ გორჩაკოვის ფონდსა და ლევ გუმილიოვის ცენტრს.

“ჯერჯერობით არ არის ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევა, სადაც გაზომილი იქნებოდა ის გავლენა, რომელიც მათ საქართველოზე მოახდინეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ 2016 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მათი აქტიურობა გაიზრდება და შეეცდებიან მხარი დაუჭირონ პრორუსულ პარტიებსა და კანდიდატებს,”– აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, საუბარია იმ 4 ძირითად მიზეზზე, თუ რის გამო გაიზარდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა:

1. მედია გარემო დღეს საქართველოში გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის დროს, რაც ბევრ სხვადასხვა, მათ შორის პრორუსული მოსაზრებების არსებობის საშუალებას იძლევა;

2. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ჩართულობით მიიღო ევროინტეგრაციის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც 2014-2017 წლებს ფარავს, თუმცა მთავრობა მისი სათანადოდ განხორციელების თვალსაზრისით შედარებით სუსტი აღმოჩნდა;

3. მთავრობამ ასევე დაუშვა შეცდომები, როდესაც არაპოპულარული და ხანდახან მტკივნეული რეფორმები ევროკავშირის მოთხოვნებს დააბრალა.

4. რამდენადაც ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროევროპული პარტიები არიან, მათი მარცხი და არაპოპულარული კანონების მიღება, ევროკავშირისა და ევრიონტეგრაციის პროცესისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზად გადაიქცა.

banner
წინა სტატიაშილალი მოროშკინა: მე ვარ იმ ციხის კადრების ავტორი, რომელიც კალამოისკის არხზე “ერთი პლუს ერთზე” გავიდა
შემდეგი სტატია“გააღეთ თქვენი საცავები და გაასაჯაროვეთ ადამიანთა წამების ამსახველი ყველა მასალა”-ინაშვილი ხელისუფლებას მიმართავს