ქართველი მეომარი უკრაინის ფრონტიდან ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

უკრაინაში მებრძოლი დავით მარტიაშვილი, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან უახლოეს ხანებში, ერთერთი პირველი იყო ვინც ქართველთაგან უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერა, აქამდე კონფლიქტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს ხშირად უზიარებდა ქართულ მედიას… თუმცა ბოლო კვირეების მანძილზე, მან რამდენიმე ხმაურიანი პოლიტიკური განცხადება გააკეთა ქართულ მედიაში, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა და არდანიშვნის შემთხვევაში სიტუაციის სისხლისღვრამდე მისვლის შესაძლებლობა იწინასწარმეტყველა.
თუ ვინ და რა აძლევს დავით მარტიაშვილს მსგავსი განცხადებების გაკეთების საფუძველს… ამაზე ის თავად ესაუბრა ,,თაიმერს,,

ბატონო დავით დავიწყოთ იმით, რომ იარაღიანი კაცი ბრძანდებით… საქართველოში იყავით და სულ იარაღი გეჭირათ… უკრაინაში ხართ და იარაღით იბრძვით… თან უკრაინისთვის მებრძოლი ადამიანი საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებზე აკეთებთ განცხადებებს… გვითხარით რა გინდათ?

დავიწყებ იმით, რომ მე უკრაინაში მოხალისედ ვარ და ამ ომში იმიტომ ვიბრძვი, რომ შემდგომ თაობებს ახსოვდეს გაჭირვებაში ურთიერთანადგომა უკრაინელი და ქართველი ხალხის… მე სულ ამას ვაფიქსირებ რაც ამ ბრძოლაში ჩავერთე ანუ პირველი დღიდან… მაგრამ მე ჩემი სამშობლო მაქვს, რომლის ცხოვრებაც სულ უფრო და უფრო მშფოთვარე ხდება… არააქვს მნიშვნელობა ხელოვნურადაა ეს თუ ბუნებრივად, ფაქტი სახეზეა. მე ამ ომში 9 თვეა რაც ვიბრძვი, ისე რომ არც ხელფასი, არც პრემია და არც რამე მატერიალური დახმარება არ ამიღია და ვთვლი, როგორც ერთმა ქართველმა ჩემი ვალი მოვიხადე იმ 5 უკრაინელის წინაშე, რომლებიც 1992-93 წლებში ჩემს მე-7-ე ბატალიონში იბრძოდნენ აფხაზეთში… ახლა ვხედავ რომ ჩემი ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე და არ გამოვრიცხავ რომ დავბრუნდე.

აქ რომ დაბრუნდეთ რა უნდა აკეთოთ? აქაც ომს აპირებთ?

ღმერთმა ნუ ქნას! თუ ეს გარდაუვალი გახდება … ამაზე უკან არასდორს დაგვიხევია, მაგრამ დღეს სხვა ბრძოლაა საჭირო… არა იარაღით. იარაღით ლაპარაკი კატეგორიულად დაუშვებელია. ჩემს ამასწინანდელ ინტერვიუებშიც მოწოდებები ამას ეხებოდა, რომელიც საზოგადოებამ არაერთგვაროვნად გაიგო… ზოგიერთმა ისიც დამაბრალა, რომ ხელისუფლებას სისხლისღვრით ვემუქრებოდი თუ არ გადადგებოდნენ. ექსტრემისა და ინტრიგების მოყვარულებს ვურჩევ ყურადღებით წაიკითხონ ეს ინტერვიუები, ხოლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები! ამის მოთხოვნა ქვეყანაში წელიწადზე მეტია დგას და წაყრუების პოლიტიკამ დღევანდელ რთულ სიტუაციამდე მიგვიყვანა.
მოგეხსენებათ მე ერთერთი პირველთაგანი ვარ ვინც ვეტერანთა მოძრაობა დაარსა საქართველოში და მომავალშიც არ გამოვრიცხავ პატრიოტულ ძალებთან გაერთიანებას… დღეს ის დროა, რომ ხალხმა და არა რომელიმე პარტიამ აირჩიოს ქვეყნის შემდგომი გზა!

როგორც ვხედავ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ საქართველოში დაბრუნდეთ და პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებათ… არა?

დიახ… და ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივარ.

კონსულტაციებს ვისთან?

ერთერთ პატრიოტულად განწყობილ ჯგუფთან.

ძალიან ზოგადად საუბრობთ… უფრო კონკრეტულად?

წინასწარ მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ… ისე კი მინდა იცოდეთ, რომ ვინც ევრაზიულ და რაიმე რუსულს ლობირებს საქართველოში, იმ ხალხთან კატეგორიულად გამოვრიცხავ ურთიერთობას.

ნაციონალებთან ურთიერთობაზე რას იტყვით?… თან თქვენი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე მათსას ემთხვევა…

ასეთი მიმართვით ხელისუფლებას მე ნაციონალებზე ბევრად ადრე მივმართე და მოვუწოდე… ალბათ განვმეორდები მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში სახელისუფლო კრიზისი თუ არა, ქვეყნის საგარეო და საშინაო კურსის კრიზისი აშკარაა. სახეზე გვაქვს გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საგარეო კურსიდან გადახვევის მცდელობა… იმ ფონზე, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება ნებისმიერ წუთს შეიძლება გადაიქცეს მესამე მსოფლიო ომად… საფრთხეს წარმოადგენს ისლამისტების ზრახვები… საჭიროა და აუცილებელიც ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის მიმართ. თუ ხელისუფლება ამის უგულვებელყოფას მოახდენს და გარკვეული პოლიტიკური ძალები საკუთარი ხედვების ხალხზე თავის მოხვევას დაიწყებენ, ამან შეიძლება სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს... სწორედ ამაზე ვსაუბრობდი წინა ინტერვიუში.

როგორ ფიქრობთ, თქვენ, როგორც ერთი ადამიანი, თქვენი მოსაზრებებით თუ მოთხოვნებით… ხელისუფლებისთვის რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა ხართ პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშე, რომ თქვენი აზრი ვინმემ გაითვალისწინოს ?

თქვენ მაინც იძულებული გამხადეთ, რომ ამ თემაზე ვისაუბრო… ზემოთ ვახსენე თანამოაზრეების შესახებ და ახლა დავაკონკრეტებ… სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ შევარდნაძის ზელისუფლების პერიოდიდან მოყოლებული, ხელისუფლებები მოსახლეობას ტავს ახვევედნენ მოსაზრებას, რომ ვეტერანთა მოძრაობებს ანუ პატრიოტების გაერთიანებას პოლიკიკურ პროცესებში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა და ამით უზნეოდ ექცეოდნენ თავიანთი ქვეყნის პატრიოტებს. მე კი პირიქით ვთვლი… ადამიანი რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, ის პოლიტიკაშიც ისეთივე მებრძოლი და შეუპოვარი იქნება. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ეს ხალხის შესაბამისად გამოეყენებინა, ისინი დააქუცმაცეს, სოციალური მათხოვრების
როლში ჩააყენეს და მოახდინეს მათი დისკრედიტაცია… თვითონ კი დააქციეს ქვეყანა და პასუხის მომთხოვნიც არავინ დარჩა. ამიტომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე და ჩემი თანამოაზრე სამხედრო ძალების ვეტერანები, პოლიტიკურ პარტია ,,X,,ში წარმოვადგენდეთ იქნება ერთ ფრთას.

როდის უნდა მოხდეს ეს? საქართველოში როდის გეგმავთ დაბრუნებას?

ბევრი მიზეზის გამო ეს სწრაფად შეუძლებელია… თუნდაც იმიტომ, რომ მე არ მაქვს მორალური უფლება ხვალვე დავემშვიდობო იმ უკრაინულ ბატალიონს, რომელშიც ვიბრძვი… თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ესაუბრა კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: პრეზიდენტთან დებატები არ შეიძლება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა კოტე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა