ტარიელ ხეჩიკაშვილი – მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს, რომ უეფას სუპერთასის ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხვდეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ უეფას სუპერთასის ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხვდეს, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, სპორტული არენა, ინფრასტრუქტურა სუპერთასისთვის სრულ მზადყოფნაშია. “ის ვალდებულება, რაც აიღო სახელმწიფომ, ბუნებრივია, შესრულებულია და გრაფიკით მიდის. ამაში გულშემატკივრებიც უახლოეს პერიოდში დარწმუნდებიან. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა გულშემატკივრებისთვის არის ბილეთები. ის პრობლემები, რომელიც წარმოიშვა, ძალიან ცუდია და ამას ყველა განვიცდით. აუცილებელია, ერთობლივად გადაწყდეს ეს პრობლემა”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია, სადაც განიხილება ყველა შესაძლო რისკები, რომელიც ფედერაციამ და ყველამ, ვინც იქნება ჩართული, უნდა გაითვალისწინოს.
რაც შეეხება კითხვას, რა სანქციები შეიძლება დაწესდეს biletebi.ge-სთვის, ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მთავარი ამოცანაა, ბილეთები გაიყიდოს და მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ყველა, რათა კიდევ სხვა გაუგებრობები არ შეიქმნას და ამის შემდეგ შეიძლება ამაზე ფიქრი. “რაც შეეხება გადამყიდველების რისკს, მაქსიმალურად მუშაობენ ამ მიმართულებით”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ოპერატიული რეაგირება მოხდება.

banner
წინა სტატიაშითბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 3 მუშა ბაღდათის რაიონის მკვიდრია
შემდეგი სტატიაპამელა ანდერსონის წერილი პუტინს