“საქართველო არის სტაბილური, ძლიერი და ღია სახელმწიფო”

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები, ხაზს უსვამს არსებულ შესაძლებლობებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ – საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა ინვესტორმა სხვადასხვა სექტორში ინვესტიციები განახორციელა, მშენებლობისა და ფინანსების ჩათვლით და დღეს „ჰუალინგის“ ინვესტიციების ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარს აღემატება.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ჰუალინგი“ არის წარმატებული თანამშრომლობის იდეალური მაგალითი. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა სხვა ინვესტორების შესახებაც.

„ტატა ჯგუფმა“ (ინდოეთი), Clean Energy Invest-მა (ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ სულ ახლახან განახორციელეს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აჭარისწყლის პროექტში. კორეის წყლის რესურსების კორპორაცია და საქართველოს საპარტნიორო ფონდი განახორციელებენ ერთმილიარდიან ინვესტიციას ნესკრაჰესის მშენებლობაში. საქართველოში ფუნქციონირებს ტოიოტას (იაპონია) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი და დისტრიბუციის ცენტრი. კომპანიები Dhabi Group და RAKIA (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს სასტუმროების, უძრავი ქონებისა და სხვა პროექტებში”, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აბრეშუმის გზის გაყოლებაზე საქართველოს მეზობლების მიერ ჩადებული ბევრი ინვესტიცია ხელს უწყობს მზარდ ტურიზმის სექტორს საქართველოში, რადგან სწორედ ამ ქვეყნებიდან მოედინება ტურისტების მძლავრი ნაკადი.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 18-ჯერ გაიზარდა, 310 ათასიდან 2003 წელს 5,5 მილიონამდე 2014 წელს. შარშან და შარშანწინ უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ, ხსენებული ინიციატივების მსგავსად, დღევანდელი ღონისძიებაც გაუხსნის გზას ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და გააღრმავებს თქვენს დაინტერესებას საქართველოთი. პირადად მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა უცხოელ ინვესტორს სრულ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაარსებისა და ამოქმედებისა საქმეში. ბედნიერი ვარ, რომ აქ იმყოფებით. საქართველო არის სტაბილური, ძლიერი და ღია სახელმწიფო. ჩვენი თანამშრომლობა შედეგად მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას“, – მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს.

banner
წინა სტატიაში„სისულელეა, რომ საქართველოში მედია იჩაგრება და ზეწოლაა“,
შემდეგი სტატია„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება