საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 18 ოქტომბერს სახელმწიფო ვიზიტით ისრაელს ეწვევიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებს.
მათივე განმარტებით, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის და პირველი ლედის პატივსაცემად ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით ოფიციალური სადილიც გაიმართება.
ქვეყნის პირველი პირი, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ქნესეთსაც ეწვევა, სადაც გაიმართება შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინსა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერ ჰაიმ ჰერცოგთან.
გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰოლოკოსტის მუზეუმსაც დაათვალიერებს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. ასევე ქვეყნის პირველი პირი “ისრაელის ეროვნულ ბაღში” ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და პატივს მიაგებს თეოდორ ჰერცლის მემორიალს.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDჩ-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშითბილისობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ავტობუსის განრიგი შეიზღუდება
შემდეგი სტატია117-ე სკოლას “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერ აქციაზე მისვლას უკრძალავენ-მანდატურის სკანდალური განცხადება