ნუგზარ წიკლაური: ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენება მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესები ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ლარის დაცემის, ეკონომიკის განადგურების, კრიმინალის დრამატულად ზრდის, პოლიციელთა მკვლელობების ფონზე, ამ უმძიმესი მოვლენების გადაფარვის მიზნით ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა და კამპანია წამოიწყო.

“საქმე ეხება თავდაცვის ყოფილის მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენებას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. ეს არის აბსურდული ბრალი 60 000 ლარის თითქოს გაფლანგვის თაობაზე. ამ ბრალის წაყენების უმთავრესი მიზანია, რომ საიდუმლო ინფორმაციის შემცველობის მოტივით გაუერთიანონ ეს სხვა საქმეებს, რომელიც წაყენებული აქვს ბაჩო ახალაიას და შემდგომი სასამართლო პროცესები ჩაატარონ საზოგადოების ყურადღების მიღმა”, – განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, მედიას არ ექნება პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, დაიხურება სასამართლო პროცესი, რომლის ერთადერთი მიზანია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს იმ ბრალდებების აბსურდულობა, რომელიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგაა წაყენებული.

banner
წინა სტატიაში“ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა