ნოდარ ჯავახიშვილი – ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ

ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე განმარტებით, მინისტრად დანიშვნის შემდგომი პერიოდი ამ ხარვეზების გამოსწორებას მოანდომა.
“28 პროექტის შესრულება 3 წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა. ხარვეზები გამოვასწორეთ და საერთაშორისო დონორებმაც დამატებითი ფინანსები გამოგვიყვეს. როდესაც არასრულყოფილი პროექტების გზადაგზა შესწორება გიწევს, კომპანიას ობიექტის დროულად ჩაბარებასა და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს ვერ მოსთხოვ. უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ”, – აცხადებს მინისტრი.
ჯავახიშვილის თქმით, პრობლემებს აწყდება სხვა მიმართულებითაც.
“მაგალითად, პროექტის ჩაბარების შემდეგ საპროექტო ორგანიზაციებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ ეკისრებათ. ახალ კონტრაქტებში ეს მიდგომა შეიცვალა – ჩემი მოთხოვნაა, პროექტის დასრულებამდე მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელი პროექტანტი იყოს. რაც მთავარია, წლების განმავლობაში გვეგონა, რომ სერიოზულ პროექტებს უცხოური კომპანიები ახორციელებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უცხოურ აბრებს ქართველები არიან შეფარებული და პროექტებსაც ისინი გვაძლევენ. ქართველების შრომასა და უნარს არ ვაკნინებ, უბრალოდ, პასუხისმგებლობის არარსებობის გამო უცხოური კომპანიები ქართველებს აბრებს მარტივად აძლევენ. ახალ კონტრაქტებში რეპუტაციური რისკიც ჩაიწერება და უცხოური კომპანიები ე.წ. ქართულ ფილიალებს უპასუხისმგებლობის შესაძლებლობასაც აღარ მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი უცხოური კომპანიები მთელ მსოფლიოში “გაშავდებიან”, – განმარტავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
გარდა ამისა, ნოდარ ჯავახიშვილი უშუალოდ კონტაქტებში არსებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სამინისტრო და სტრუქტურული ქვედანაყოფები ხელს აწერდნენ ხელშეკრულებებს, რაც მუშაობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა.
“კიდევ ერთი პარადოქსი: გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებშიც სამინისტრო და გზების დეპარტამენტი აპრიორი პირობის დამრღვევებად არიან წარმოჩენილი. ყველა კონტრაქტში, რომელშიც პირადად ჩავიხედე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ კომპანიას მთლიან სამუშაო ფართებზე მისცემს 100-პროცენტიან წვდომას. ანუ მთელ იმ რადიუსზე, სადაც სამუშაოები აქვთ კომპანიას ჩასატარებელი, სამუშაო მოედანს გაუთავისუფლებს. არც ერთ პროექტში ეს პირობა შესრულებული არ არის.
გამოდის, რომ ხელშეკრულების მოქმედების დაწყებისთანავე დამნაშავეები ვართ, რადგან კონტრაქტის პირობას არ ვასრულებთ. ვეჭვობ, ეს შეგნებულად კეთდებოდა, რადგან ჩვენი მხრიდან კონტრაქტის ხელმომწერმა ყველა პირმა იცოდა, რომ სამშენებლო მოედანი მთლიან ფართობზე რეალურად ვერ გათავისუფლდებოდა. ფაქტია, სამინისტრო და სტრუქტურული ქვედანაყოფები მსგავს ხელშეკრულებებს ხელს აწერდნენ, რაც მუშაობაში სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა. ამ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოვადგენ, ვცდილობ, არასწორი მიდგომები გამოვასწორო”, – აღნიშნავს ნოდარ ჯავახიშვილი.
ასევე, მინისტრი უშუალოდ ტენდერების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და “ბოლო პერიოდის ტენდენციის” გათვალისწინებით საბოტაჟის ელემენტებზე საუბრობს.
“ბოლო პერიოდში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: სამინისტროში უსაფუძვლო საჩივრების რაოდენობა გაიზარდა. გამიჩნდა ეჭვი, რომ აქ საბოტაჟის ელემენტებია. რატომ უნდა გაასაჩივროს ტენდერის შედეგები კომპანიამ, რომელმაც კარგად იცის, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო? გასაჩივრების შემთხვევაში ხომ პროცედურების დასრულებამდე საქმის დაწყება ფერხდება? რასაკვირველია, საბოტაჟიც დანაშაულია, მაგრამ ეჭვის საფუძველზე საქმეს ვერავინ აღძრავს. ჩივილის უფლება ყველა კომპანიას აქვს და ამის გამო ვერავის დავიჭერთ”, – აცხადებს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი – წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული სემინარი გახსნა