“მჯერა, რომ ალიანსი თამამად იტყვის – საქართველო მზად არის ნატო-სთვის”

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ავტორიტეტული უცხოური და ადგილობრივი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გახსნა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის მიმდინარე და შემდგომი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. წინ გვაქვს დეკემბრის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი და ნატო-ს ვარშავის სამიტი, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ვფიქრობ, აღნიშნული სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა შეუქცევადი და რეალური პროცესია, რომელშიც მესამე მხარე ვერასდროს გახდება დაბრკოლება. ასევე, მჯერა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ბარიერები აღარ იარსებებს და ალიანსი თამამად იტყვის – საქართველო მზად არის ნატოსთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.

„მართალია ჩვენი უსაფრთხოების წინაშე იდგა მნიშვნელოვანი საფრთხეები, ჩვენ წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა იმავე სულისკვეთებით, როგორც ჩვენი წინაპრები ათასობით წლის წინ. როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო გახდება მშვიდობისა და სტაბილურობის კონსტრუქციის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი მეზობლებისათვის და რომელიც მხოლოდ გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) დირექტორმა რობერტ ონდრეიცსაკმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის, (GFSIS) ევროკავშირის კვლევების დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

კონფერენციის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა რეკომენდაციების, გამოცდილებისა და შეხედულებების გასაზიარებლად. დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე და ნატოს ვარშავის სამიტამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ფორმატის გამოყენება საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ღია დისკუსიებისთვის.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომები, ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეები, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტი, სამხედრო ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დახურული სესია მედიის წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით, ერთობლივ ფორმატში, პირველად იმართება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას პროკურატურა განმეორებით ხვალ დაკითხავს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისზე ცოცხები მიამაგრეს