ლაშა მახარაძის საქმეში ბრალდებულის მიმართ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ორ დღეში გამოიტანენ

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი შესაძლოა, 4 ივნისს გამოიტანონ. ამის შესახებ დღეს გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა დავით ხარაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ხუთშაბათს მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოადგენენ ნაფიცი მსაჯულების პირობებში განსახილველ სასამართლო სხდომაზე, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მიიღონ.

“ხუთშაბათს მხარეები წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც სასამართლო განსაზღვრავს ვერდიქტის დროს. არ არის გამორიცხული, რომ ვერდიქტი ხუთშაბათსვე იქნეს გამოტანილი”, – განაცხადა დავით ხარაიშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, დღეს სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროცესი ნაფიცი მსაჯულების გარეშე ჩატარდა, სადაც მხარეთა შუამდგომლობების განხილვა მოხდა. დაცვის მხარემ პროკურატურის გარკვეული შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. კერძოდ, როგორც ადვოკატმა დავით მოდებაძემ განმარტა, დაცვის მხარემ მოითხოვა 7 მოწმის ჩვენების დაუშვებლად ცნობა.

“ჩვენ მოვითხოვოთ 7 მოწმის ჩვენების დაუშვებლად ცნობა, რომელიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო. აღნიშნულთა შორის არიან ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე, ასევე ვლადიმერ ბერძენიშვილი და ანდრიაძეების ოჯახის წევრები”, – განაცხადა დავით მოდებაძემ.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები დღეს არ დააკმაყოფილა. 4 ივნისს საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა 10:30 საათზე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიხევსურეთში თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი
შემდეგი სტატიაზუგდიდელმა ახალგაზრდებმა პრემიერს თხოვნით მიმართეს