თეა წულუკიანი: რეფორმის სწორი გზა არის კანონებით რეფორმა

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რეფორმის სწორი გზა არის კანონებით რეფორმა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” ცვლილებების პროექტს იხილავენ.
“როდესაც ეს მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგით იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია, რითაც უზრუნველვყავით ის, რომ პოლიტიკა აღარ არის ჩართული ამ ორგანოს საქმიანობაში. პირველი ნაბიჯი გადავდგით იმ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რასაც ჰქვია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს სისტემა, ისეთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს სისტემის შექმნა, რომელიც პირზე და პირებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ არსებობს სისტემა, რომელიც ვერ იქნება შეცვლილი რომელიმე სხვა მთავრობის მიერ, რადგან ის არის აწყობილი, ფუნქციონირებს, არის ნეიტრალური და თავისუფალი პოლიტიკისგან. ამ მთავრობის მიზანია, რომ გააძლიეროს ინსტიტუტები და ისეთი ინსტიტუტები დატოვოს, როდესაც წავა ხელისუფლებიდან, რომელსაც ვერ გადააკეთებს რომელიმე დროს, შემთხვევით, ხელისუფელებაში მოხვედრილი ცუდი მთავრობა, თუკი ასეთი როდესმე კიდევ ერთხელ მოხდა ჩვენი ისტორიის მანძილზე, როგორც ეს მოხდა 2003 წელს”, -განაცხადა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თავიდან, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, კოლიციაში აზრები გაიყო. “ერთი ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ ე.წ. გირგვლიანის მოსამართლეები, მიშას მოსამართლეები, კუბლაშვილის მოსამართლეები სამაგალითოდ დაგვესაჯა, გაგვეშვა შინ ან ჩაგვსვა ციხეში. მეორე ნაწილი მხარს უჭერდა უფრო მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას, გარდაქმნის, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმირების და მოსამართლეებისთვის კარგი კანონების მიცემის პოლიტიკას, იმისთვის, რომ ჩვენ არ გაგვემეორებინა ის, რაც გააკეთა თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა, როდესაც ეგონა, რომ სასამართლოს რეფორმას ატარებს და რეფორმა დაარქვა ადამიანების წინაამდეგ ბრძოლას”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შიდა დებატების გზით ავირჩიეთ სწორი გზა. “რეფორმის სწორი გზა არის კანონებით რეფორმა და ასევე უფლებამოსილებების განუახლებლობა იმ მოსამართლეებისთვის, რომლებმაც თავი ვერ წარმოაჩინეს წარსულში თავისუფალ მოსამართლეებად”, -განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს განმარტავს
შემდეგი სტატიაგირგვლიანის საქმის მოსამართლე ირაკლი ადეიშვილის უფლებამოსილება აღარ განუახლდა