ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები – იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, გიორგი გულბიანი და ალექსანდრე სანიკიძე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. მათ თავდებად სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედი წევრები დაუდგნენ.
ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენეს. მოთხოვნას პროკურატურაც დაეთანხმა.
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე თავდაპირველად 12 პირს წარუდგინეს ბრალდება, შემდეგ ხელმძღვანელი პირების საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. რიგითმა სპეცრაზმელებმა, როგორც ცნობილია, მათ წინააღმდეგ საქმის ფარგლებში, ასევე ხელმძღვანელი პირების საქმეზე, ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და კიდევ რამდენიმე პირის მამხილებელი ჩვენებები მისცეს.
ამავდროულად, სასამართლო პროცესების პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შემამსუბუქებელი ღონისძიება იგეგმებოდა განრიდების, საპროცესო შეთანხმების ან სხვა რომელიმე ღონისძიების სახით.
სპეცრაზმელებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში დააკავეს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე 11 პირი დააკავეს, მათ შორის იყვნენ სპეცრაზმელებიც.
ამ დროისთვის, პატიმრობაში რჩებიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს წარმომადგენლებმა პირველი ადგილები დაიკავეს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია სომეხ კოლეგას აჭარაში მასპინძლობს