„ეროვნული ბანკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელისუფლებასთან დისკუსიაში ვართ“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენელის აზიმ სადიკოვის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ფონდმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ამ თემაზე მედიასთან დღეს მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო  ინიციატივაზე ჩვენ ჩვენი პოზიცია გასულ კვირაში უკვე ცხადად გავახმოვანეთ. ჩვენ დისკუსიაში ვართ ხელისუფლებასთან და ამ ეტაპზე ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა აზიმ სადიკოვმა.
მანამდე სადიკოვმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ სფეროში დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს”, – აღნიშნულია სადიკოვის განცხადებაში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის და მისი პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივა, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას გულისხმობს. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში უნდა განეხილა, თუმცა განხილვა ერთი კვირით გადაიდო.

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტარები “ოჯახური მდგომარეობის გამო” პლენარულ სხდომებს ვეღარ გააცდენენ
შემდეგი სტატიამოლდოვეთში ახალ არჩეული პრემიერი და მთავრობა გადადგა