დემურ გიორხელიძე: ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2-ს გასცდება

ლარის კურსთან მიმართებაში ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის პროგნოზი, რომელიც მან ,,თაიმერთან,, ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, ახდა. კერძოდ, მისი პროგნოზით ხელისუფლება ლარს ხელოვნურად დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა და იანვრის ბოლომდე კურსი ისევ გაექცეოდათ.
დღეისთვის ლართან მიმართებაში არსებულ სიტუაციაზე ,,თაიმერი,, დემურს გიორხელიძეს ესაუბრა.

-ბატონო დემურ, ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია გარე ფაქტორებით და კერძოდ ნავთობის ფასების ვარდნასთან დაკავშირებული რუსული ეკონომიკის კრიზისით, რომელიც რეგიონზეც ახდენს გავლენას… თქვენი აზრით, ამ ფაქტორების გამო მოხდა ლარის დევალვაცია?

-რა თქმა უნდა რუსული ეკონომიკის კრიზისი გარკვეულწილად მოქმედებს ქართულ ეკონომიკაზე, მაგრამ არც იმდენად… რუსეთის ეკონომიკის როლი ლარის გაუფასურებაზე, ზედმეტად გადაფასებულია. ბატონმა მინისტრმა ზედმეტი როლი მიანიჭა რუსული ეკონომიკის მდგომარეობას ლარის კურსთან მიმართებაში. ერთადერთი გავლენა, რასაც რუსული ეკონომიკა ამ მომენტში ახდენს, ეს გახლავთ ათასობით რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის მიერ განხორციელებული ფულადი გადმორიცხვების შესაძლო შემცირებაა. ეს გადმორიცხვები რა თქმა უნდა იკლებს მაგრამ არა კატასტროფულად, ისე რომ იმ ოჯახებს ვისაც ეს შემოსავალი ჰქონდათ, არამგონია ძალიან გაუჭირდეთ. -ზოგიერთმა ექსპერტმა ხელისუფლებას ლარის ხელოვნური გამყარებისა და ამისთვის ეროვნული სავალუტო რეზერვების გამოყენებისკენ მოუწოდა…

–თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-ლარი აქამდეც ხელოვნურად მყარდებოდა. მისი კურსი წლების განმავლობაში საგრძნობლად მაღალი იყო და ეს ფულის მასის მიწოდების ხელოვნური შეზღუდვით ხდებოდა. მე არ მიმაჩნია, რომ ლარი მომავალშიც ხელოვნურად უნდა გამყარდეს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილები… ამჟამად ფულის მასა ცოტაა ქვეყანაში, ის თითქმის 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე ჩვენი ეკონომიკის მოცულობა. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ასე რომ ლარს გამყარება კი არ უნდა, მას თანდათანობითი, გონივრული დევალვაცია სჭირდება. ამასთანავე ფულის ხელმისაწვდომობის პირობების შექმნა და ეკონომიკური აქტივობების წახალისება გვჭირდება. რად გვინდა ჩვენ გამყარებული ლარი და მკვდარი ეკონომიკა?! დღეს კი, სწორედ ასეა… ეკომომიკა მკვდარია ლარს კი ამყარებენ… ექსპორტის მდგომარეობა კატასტროფულია… არსებულ ექსპორტში კი 20% ფაქტობრივად ავტომობილების რეექსპორტია. ჩვენ დღეს არ გვაქვს სერიოზული პროდუქტი საზღვარგარეთ გასატანად… რამე რომ გავიტანოთ ამას სერიოზული პოლიტიკა სჭირდება და არა ხელოვნურად გამყარებული ლარი.

-დღეს, რომ ხელისუფლებამ ლარი ხელოვნურად არ გაამყაროს და თვითდინებაზე მიუშვას, ეს რას მოგვიტანს?

– ლარი თვითდინებაზე და თავისუფალი კურსით არასოდეს ყოფილა. ის რეგულირებადი და ნახევრად თავისუფალი იყო ყოველთვის. ბუნებრივია თვიდინებაზე ლარის მიშვებისას კარგი არაფერი მოხდება, ამიტომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა პოლიტიკა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ინტერესებს უნდა დაექვემდებაროს. ჩვენ გონიერი თავის ტკივილი გვჭირდება და არა პოპულისტური განცხადებები, რომ ბაზარი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს და არაფერში არ უნდა ჩავერიოთ. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არ ხდება და ცხადია ვერც საქართველოში მოხდება.

– თქვენი აზრით როგორია ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ეროვნული ვალუტის უახლესი მომავალი?

-მე არ ვიქრობ, რომ რაიმე კატასტროფულს და ძალიან ნეგატიურს უნდა ველოდოთ. უბრალოდ ლარი დაიკავებს იმ ადგილს, რაც მისთვის რეალურია და ეს სადღაც 2ლარსა და 2,15 ლარს შორისაა ერთ დოლარზე. ასეთი კურსი ამ ეტაპზე სამართლიანი კურსი იქნება, რადგან ეკონომიკასაც საშუალება არ აქვს, რომ ამ ეტაპზე უფრო უკეთესზე გაქაჩოს. ამან შეიძლება ცოტა სტიმულიც მისცეს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება თუ ცოტა ხელშემწყობი პოლიტიკა არ გატარდა ხელისუფლების მხრიდან.

ესაუბრა კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გააგზავნა
შემდეგი სტატიაობამასადა კონგრესს შორის ირანის საკითზე დაპირისპირებაა