გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ქვეყანა ისტორიულად თავისუფლების მოყვარე ინდივიდების და ადამიანების ერთობაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძალიან რთული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვქმნით და ვავითარებთ დემოკრატიას. ამის შესახებ პრეზიდენტმა სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე, იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელსაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი გადის ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნატო იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების და საზოგადოების ირგვლივ, როგორც იქმნება და ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო. ნატო შეიქმნა, როგორც უსაფრთხოების სისტემა, იმ სახელმწიფოებისთვის, რომელშიც თავისუფალი ადამიანები ვქმნით თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალ სახელმწიფოს. ამ ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებოდა და მტკიცდებოდა ეს სისტემა. ჩვენი ქვეყანაც სწორედ ისტორიულად ასე თავისუფალი, თავისუფლების მოყვარე ინდივიდების და ადამიანების ერთობაა, რომლებიც მოღვაწეობენ, რათა შექმნან თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია, ერთდროულად გამოხატოს თავისი პოზიციები, ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაცულობის, ქართული უსაფრთხოების სისტემის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ როგორც დაცული ადამიანები, დაცული საზოგადოება და დაცული სახელმწიფოს იდეალების ირგვლივ გაერთიანებული ქვეყნის შესახებ.

“საქართველომ ალბათ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმ მიმართულებით, რათა ეჩვენებინა, რომ ეს ჩვენი რეალური იდეალებია. ძალიან რთულ ვითარებაში, როდესაც ბევრი გამოწვევა აქვს, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს, ჩვენ ვქმნით, ვავითარებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიას. ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დარტყმის ობიექტი 2008 წელს, რის შედეგაც ჩვენი ტერიტორიები იქნა ოკუპირებული, ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს, ურთულეს რეგიონში ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სტატეგიულ მიზანს, რომ ვიყოთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობის და ერთიანი, მშვიდობიან მომავალზე ორიენტირებული რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალა. ასევე, ვქმნით ძალას თანამშრომლობისა ევროპასა და აზიას შორის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ბედუკაძე პროკურატურაში სავარაუდოდ დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მანქურთი ურთმელიძე სასამართლოს ებრძვის დედამისის ნაჯახით