გიგლა აგულაშვილი “მწვანე ალტერნატივას” კვლევის შედეგებს შეისწავლის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, “მწვანე ალტერნატივას” კვლევის შედეგებს შეისწავლის. ამის შესახებ გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს “მწვანე ალტერნატივას” მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით კვლევის შედეგებს არ გაცნობია.
“ორიოდე დღის წინ EBRD-ის ღონისძიების დროსაც იყო ერთ-ერთი აქცია. მე შევთავაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ფორმატი შევცვალოთ და დიალოგისთვის მოვიწვიეთ ისინი სამინისტროში და ახლაც მზად ვარ მიუხედავად იმისა, ისინი ინებებენ თუ არა ჩვენთან ამ ფორმის კომუნიკაციას”, – განაცხადა აგულაშვილმა.
რაც შეეხება კვლევას, მისი თქმით, აუცილებლად დაინტერესდება, შეისწავლის და სამინისტროს პოზიციასაც დააფიქსირებს.
“მწვანე ალტერნატივის” შეფასებით, გარემოსდაცვით სფეროში ზოგიერთი პრობლემა ელიტური კორუფციის განვითარებისთვის ნაყოფიერი ნიადაგს ქმნის.
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოში” დღეს კვლევის “ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები” პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი აერთიანებს 2011-2014 წლებში გამოცემული სამი კვლევის შედეგებს, რომელიც ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას, ენერგოპროექტებს და გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე ნადირობის საკითხს ეხებოდა.
კვლევის თანახმად, გარემოსდაცვით სფეროში კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორებია რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული დარგების არასწორი დაგეგმვა და მართვა; რესურსებით სარგებლობის ადგილობრივი ტრადიციებისა და სპეციფიკის გაუთვალისწინებლობა; მთავრობის არასაკმარისი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა; გაუმართავი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა; კორუფციის აღმოფხვრისა და კანონის აღსრულების პოლიტიკური ნების ნაკლებობა.
ერთ-ერთი პრობლემად კვლევის ავტორების კომპანიებზე მორგებული კანონმდებლობას მიიჩნევენ.
კვლევის ანგარიში ასევე ეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქმედებებს, სანებართვო პირობებს, სასამართლო პრაქტიკას, პიროვნებებს, რომლებიც კორუფციულ სქემებში არიან ჩართულნი, ჰესების პროექტებზე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასა და საყდრისის პრობლემაზე.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი – მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია
შემდეგი სტატიაპატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება