გიგი უგულავა – პატიმრობიდან გათავისუფლება იმისთვის მჭირდება, რომ ჩემს შვილებს ავუხსნა არსებული ვითარება

პატიმრობიდან გათავისუფლება იმისთვის მჭირდება, რომ ჩემს შვილებს ავუხსნა და შევაგუო არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა განმარტა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, შუამდგომლობის დაყენება მას ერთი კვირის შემდეგ სურდა, რათა მოეფიქნებინა, საერთოდ მიემართა თუ არა სასამართლოსთვის, პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლდება, პროკურატურა ახალ ბრალდებას წარუდგენს და შესაძლოა, სამ დღეში, მაქსიმუმ კი 2 თვეში კვლავ მოუწიოს დაპატიმრება.
დედაქალაქის ყოფილი მერის სიტყვის წარმოთქმისას, უგულავას ახლობლები ატირდნენ.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პატიმრობიდან გამათავისუფლებთ, შეიძლება ეს გაგრძელდეს სამი დღე, ერთი კვირა, ან მაქსიმუმ ორი თვე. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, კვლავ დამაბრუნებენ პატიმრობაში, სოპრანოს კლანად გამომიყვანეს, უკვე რვა ბრალდება მაქვს წარდგენილი და მეცხრეს მოგონებაც არ გაუჭირდებათ. მინდოდა აღნიშნული შუამდგომლობის ერთი კვირით გადაწევა, რათა მომეფიქრებინა, საერთოდ მეთხოვა თუ არა პატიმრობიდან გათავისუფლება, მაგრამ ერთი კვირის შემდეგაც დავაყენებდი ამ შუამდგომლობას, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილები შევაგუო არსებულ ვითარებას. ამ ჩემს განცხადებას არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ უდევს, ეს არის სუფთა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე.

ზუსტად ვიცი, რომ სანამ ეს ხელისუფლება კუნთებზე იყურება, მომიწევს პატიმრობაში ყოფნა. ციხეს ეჩვევი, ეჩვევი იმ საბნის სუნსაც, რომელსაც თავიდან ცხვრის სუნი ასდის, ეჩვევი იმასაც, რომ ორჯერ უნდა იბანაო კვირაში და იმასაც, რომ ტელევიზორი არ გაქვს და რადიოს უსმენ. პირველი ოთხი თვე, სანამ აშშ-ის საელჩომ არ მომაკითხა, სკამიც არ მომიტანეს. შემდეგ მოვიპოვე ლამპა, ვთამაშობ ჭადრაკსაც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს შევეცოდო. თუკი თქვენი გადაწყვეტილებით გავთავისუფლდები, ჩემთვის უფრო გართულდება ცხოვრება, იმიტომ, რომ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, კვლავ დამაკავებენ და თავიდან მომიწევს ამ ლამპის მოპოვებაც, სკამის მოპოვებაც და ყველაფერთან შეგუებაც, რაც გაცილებით რთულია. თავიდან მომიწევს შევეგუო საკანს, რომელსაც პოლულუქსი დავარქვი, ამ ყველაფრის დაკარგვა მომიწევს და ყველაფერი გართულდება”, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც შუამდგომლობა დააყენა, მისი შვილებია, რომლებიც, როგორც დედაქალაქის ყოფილმა მერმა განმარტა, მამის დაპატიმრებას რთულად განიცდიან. “ჩემს გარდა ამას მათ ვერავინ აუხსნის. თუკი გავთავისუფლდები, ყველაფერს ავუხსნი, შევაგუებ და მზად ვიქნები ნებისმიერი გამოწვევისთვის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
დაკმაყოფილდება თუ არა გიგი უგულავასშ უამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, 18 თებერვალს ჩანიშნულ პროცესზე გახდება ცნობილი

banner
წინა სტატიაშირუსული პროპაგანდის ახალი სკანდალი – როგორ ყოფდნენ ჟირინოვსკი და ვენედიქტოვი უკრაინას
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა იწყება