განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოები ხუთნახევარი მილიონი დაუჯდება

წლევანდელი წელი ჩვენთვის იქნება პედაგოგების წელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით პირველკალსელები წელს ძველი და ახალი წიგნებით კომბინირებულ წიგნებს მიიღებენ.

მინისტრმა ჟურნალისტებს 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა: საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს; კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრ მოსწავლეებს;
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს; იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ.

2015-2016 სასწავლო წლისათვის მოსწავლეებს, ისევე როგორც შარშან, გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით. ძველი და ახალი წიგნებით კომბინირებულ პაკეტებს მიიღებენ პირველკლასელებიც. როგორც წინა წლებში ყველა პირველკლასელი პირად პორტატულ კომპიუტერსაც საჩუქრად მიიღებს.

“ამ ეტაპზე დასრულებულია უკვე ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი ნაწილი ვარგისიანია. ეს ფაქტი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: 2013-2014 წლებში, გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი. ასევე პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილია თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. შესაბამისად, მოსწავლისთვის ბევრად იოლია მისი მოხმარება და ნაკლებია ცვეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულებით შეფასდა. ხარისხი წელსაც შენარჩუნდება და ყველა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც წელს გამოიცემა ასევე იქნება მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი. მიმდინარე წელს, დასაბეჭდი და შესასყიდი სახელმძღვანელოების ღირებულება დაახლოებით ხუთნახევარი მილიონია”, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“ 2013 წლიდან ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა საუბარი
შემდეგი სტატიამურმან დუმბაძე – “ერმაკოვის ბუტკები” იმ ადგილიდან მოშორებულია